ფორმულა ერთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კანადის დიდი პრიზი არც ამ სეზონში გაიმართება. მიზეზი იგივეა, რაც გასულ სეზონში - კორონავირუსის პანდემია.
კანადური რბოლა კალენდარში მეშვიდე ეტაპად იყო ჩანიშნული და ის 13 ივნისს უნდა გამართულიყო. მაგრამ ქვეყანაში უცხოეთიდან ჩამსვლელებისთვის მოქმედი 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის წესის გამო, მისი ჩატარება შეუძლებელი იქნება.
კალენდარში მონრეალის ადგილს, ისტანბულის ტრეკი დაიკავებს, სადაც ფ1-ის რბოლები 2005-2011 წლებში იმართებოდა და გასულ სეზონში დაბრუნდა, რათა კალენდარი შეევსო. თურქეთის დიდი პრიზი იმავე დღეს დაინიშნა, რა დროსაც კანადისა უნდა გამართულიყო. მას ერთ კვირაში აზერბაიჯანის დიდი პრიზი მოჰყვება.