ფეხბურთი

1:10 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრების წევრები: "ძალიან რთული თამაში იყო და გაგვიმართლა"

რუსეთის ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ (3:1) ისაუბრეს და ავთანდილ ასათიანის გუნდი შეაქეს. როგორც მათ თქვეს, ძალიან რთული თამაში მოიგეს, მაგრამ იცოდნენ, რომ საქართველო ძლიერი გუნდი იყო.

„ბედნიერი ვარ, რომ ტურნირზე ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ და ნახევარფინალში გავედით. ძალიან რთული თამაში იყო. შესარჩევ ეტაპზე საქართველოსთან რთული თამაში გვქონდა, მაგრამ ახლა მათ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი ჰყავთ. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ“, - თქვა რუსეთის ნაკრების მხრიდან პირველი გოლის ავტორმა არტიომ ნიაზოვმა.

კომენტარი გააკეთა დუბლის ავტორმა ივან ჩიშკალამ, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის ნაკრების მხარეს იღბალი იყო:

„მოგება შევძელით და დიდი მებრძოლი სული ვაჩვენეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იღბალი ჩვენს მხარეს იყო, რადგან ჩვენმა მეკარემ ფანტასტიკურად ითამაშა. საქართველომ ისე ითამაშა, რომ ყველაფრის გაღება მოგვიწია, ძალიან რთული იყო. კარში ბევრი დარტყმა გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ საოცარი სამუშაო შეასრულა“, - აღნიშნა მან.

მატჩის შემდეგ უეფას ვებგვერდთან თამაში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სკოროვიჩმაც შეაფასა:

„ყველამ იცოდა, რომ რთული თამაში იქნებოდა. საქართველო ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ძლიერები არიან. მათ ამ თამაშში ყველაფერი აჩვენეს, რთულ თამაშში რთული გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაშის დროს ვნერვიულობდი, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლს ვერ ვიტანდით. საქართველოს ნაკრების მეკარე კუპატაძე რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და მან საქართველოს ნაკრებზე დიდი გავლენა მოახდინა. მათ არ მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა“, - თქვა სკოროვიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი თამაში ჩაატარა: აზერბაიჯანს (3:2) და ბოსნიას (2:1) მოუგო, ხოლო ესპანეთთან (0:8) და რუსეთთან (1:3) დამარცხდა, რის შედეგადაც ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა.

0.171334