ფორმულა 1-ის ჩემპიონ მაქს ფერსტაპენისთვის, ახალი ჩემპიონატი ერთი რბოლით გვიან, საუდის არაბეთში დაიწყო, სადაც მან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა პირველი რბოლის გამარჯვებულ შარლ ლეკლერს.
სერხიო პერესმა, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო, კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლო და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ფინიში მესამემ კარლოს საინსმა გადაკვეთა. ეს ზედიზედ მეორე რბოლაა, რომლის კვარცხლბეკზე ასვლასაც „ფერარის“ ორივე პილოტი ახერხებს.
„საოცარი ბრძოლა იყო, ძალიან მჭიდრო. წარმოუდგენელია! კარგად იმუშავე მაქს, შესანიშნავია“ - ჰოლანდიელს ამ სიტყვებით მიულოცა გამარჯვება „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა.
ხელი მოეცარა შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ვინც კვალიფიკაციიდან მოყოლებული, რიტმიდან იყო ამოვარდნილი და საბოლოოდ, შინ ერთადერთი ქულა წაიღო. მასზე უკეთ იასპარეზა ჯორჯ რასელმა, რომელმაც თავისი „მერსედესი“ ფინიშთან მეხუთეზე მიიყვანა. თუმცა „ფერარის“ და „რედ ბულის“ პილოტებთან ბრძოლის შანსიც კი არ ჰქონია.
„ურთულესი რბოლა იყო. ლიდერობისთვის დაძაბული ბრძოლა გვქონდა. შეტევისთვის მოცდა ვამჯობინე, რადგან საბურავები აქ სწრაფად ცვდება. ფერარი მოსახვევებშია სწრაფი, ჩვენ კი სწორზე. რბოლის მიწურულს ტემპის გაზრდა შევძელი. გასწრება ძალიან რთული იყო. ბოლო მოსახვევში რამდნჯერმე ვიეშმაკე და საბოლოოდ, მიზანს მივაღწიე. ამის შემდეგაც, შარლი ახლოს მომყვებოდა და DRS-ით შეტევა შეეძლო. მიხარია, რომ სეზონის დაწყება შევძელი“, - განაცხადა ფერსტაპენმა.
ჩემპიონსა და ჩემპიონატის ლიდერს შორის, ბოლო წრეებზე უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. წინ ლეკლერი იყო, ფერსტაპენი კი გაშმაგებით უტევდა. მან ორჯერ შეძლო დაწინაურება, მაგრამ მონაკოელმა ორივეჯერ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია. მაგრამ როდესაც ფერსტაპენი მესამედაც დაწინაურდა, ლეკლერისთვის საპასუხო შეტევის საშუალება აღარ მიუცია.
საუდის არაბეთის დიდი პრიზი
ჯედა, დისტანცია 308.450 კმ (6.174 კმ, 50 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.549
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 8.097
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 10.800
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 32.732
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 56.017
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 56.124
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'02.946
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'04.308
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'13.948
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1'22.215
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'31.742
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 3 წრე
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 14 წრე
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 15 წრე
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 15 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 36 წრე
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) არ უასპარეზია
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) არ უასპარეზია
უსწრაფესი წრე: შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) - 1:31.634 (48-ე წრე)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. შარლ ლეკლერი - 45 ქულა; 2. კარლოს საინსი - 33; 3. მაქს ფერსტაპენი - 25; 4. ჯორჯ რასელი - 22; 5. ლუის ჰამილტონი - 16; 6. ესტებან ოკონი - 14; 7-8. სერხიო პერესი და კევინ მაგნუსენი - 12; 9. ვალტერი ბოტასი - 8; 10. ლანდო ნორისი - 6; 11. იუკი ცუნოდა და პიერ გასლი - 4; 13. ფერნანდო ალონსო - 2; 14. გუანიუ ჟოუ - 1; 15-20. მიკ შუმახერი, ლანს სტროლი, ნიკო ჰულკენბერგი, ალექს ელბონი,.დანიელ რიკარდო და ნიკოლას ლატიფი - 0
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. ფერარი - 78 ქულა; 2. მერსედესი - 38; 3. რედ ბული - 37; 4. ალპინ-რენო - 16; 5. ჰაას-ფერარი - 12; 6. ალფა რომეო-ფერარი - 9; 7. ალფატაური-რედ ბული - 8; 8. მაკლარენ-მერსედესი - 6; 9-10. ასტონ მარტინ-მერსედესი და უილიამს-მერსედესი - 0