მომავალი სეზონიდან, ფორმულა 1-ის კალენდარს ლას ვეგასი დაუბრუნდება. ქალაქის ქუჩები ლას ვეგასის ღამის დიდ პრიზს მომავალი წლის ნოემბერში უმასპინძლებს. ეს ინფორმაცია ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ გაავრცელა.
ტრასა, რომლის სიგრძე პროექტის მიხედვით, 6.12 კილომეტრია, ქალაქის ისეთი ღირსშესანიშნაობებს ჩაუვლის, როგორებიცაა ბელაჯოს ფანტანი და კაზინო-სასტუმრო სიზარს პალასი. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ რბოლას უქმეების განმავლობაში 170 000 მაყურებელი დაესწრება.
ჩვეულებრივი რბოლებისგან განსხვავებით, ლას ვეგასის დიდი პრიზის რბოლა კვირას კი არა, შაბათს, ღამით გაიმართება. ტრასა მესამე ყველაზე გრძელია (ჯედას და სპას შემდგ), მაგრამ მხოლოდ 14 მოსახვევი ექნება. მანქანების სიჩქარე 330 კმ/სთ-ზე მეტს მიაღწევს.
ლას ვეგასში ფორმულა 1-ის რბოლა ორჯერ, 1981 და 1982 წლებში ჩატარდა. მაშინ რბოლას სიზარს პალასის დიდი პრიზი ერქვა.პირველი ავსტრალიელმა ალან ჯონსმა (უილიამსი) მოიგო, მეორე კი - იტალიელმა მიქელე ალბორეტომ (ტირელი). მომდევნო ორ სეზონში, სიზარს პალასის დიდი პრიზი, კარტ-ის სერიის რბოლა გახდა.