საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „დინამო ბათუმი“ „სამგურალს“ ესტუმრა და დამაჯერებლად, 3:0 იმარჯვა.
გია გეგუჩაძის გუნდი მეორე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ჯოვინო ფლამარიონმა მოახერხა გოლის გატანა. 6 წუთში იმერლებმა გათანაბრების იდეალური შანსი გაუშვეს ხელიდან, სერგო კუხიანიძემ პენალტი ვერ გაიტანა. ბათუმელებმა უპირატესობა თამაშის ბოლოსკენ გაზარდეს. ელგუჯა ლობჯანიძემ და გუგა ფალავანდიშვილმა აჭარელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანეს.
ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ცხადია აქტიურობდა, მაგრამ როგორც ხედავთ გოლი ვერ გაიტანა და არც საგოლე კომბინაციებში მიუღია მონაწილეობა.
უნდა ვთქვათ, რომ მეორე ტაიმის სტარტზე თამაში 15 წუთით შეწყდა, რადგან გრიგოლ ჩაბრაძემ მძიმე დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„დინამო ბათუმს“ 7 ტურში 16 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო „სამგურალი“ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ორივე გუნდი „გაგრასთან“ გამართავს, წყალტუბოელები 14 აპრილს, ხოლო ბათუმელები - 18 აპრილს.
„სამგურალი“ – „დინამო ბათუმი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ჯოვინო (2), 0:2 ლობჯანიძე (90), 0:3 ფალავანდიშვილი (90)