საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა წარმატებული სერია გააგრძელა და მორიგი ამხანაგური მატჩი მოიგო.
რამაზ სვანაძის გუნდმა გორში რუმინეთის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და 2:0 აჯობა. ორივე გოლი „თელავის“ მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ გაიტანა. მან ანგარიში 68-ე წუთზე გახსნა, ხოლო ხუთ წუთში დუბლი გაიფორმა. ორივე შემთხვევაში ძალიან ძლიერი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ თამაში არ აქვს წაგებული - 6 მოგება (რუმინეთთან, ესტონეთთან, ინგლისთან, აზერბაიჯანთან, სლოვაკეთთან და ბელარუსთან) და 1 ფრე (რუმინეთთან).
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისში, საქართველო და რუმინეთი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. საქართველოდან მასპინძელი ქალაქები თბილისი, ბათუმი და ქუთაისი არიან, ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბათუმში გაიმართება.
საქართველო (U21) - რუმინეთი (U21) 2:0 (0:0)
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო: მეგრელიშვილი, კაპანაძე (90. ჯინჯოლავა), აბულაძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, ნონიკაშვილი (62. ლ. გაგნიძე), გოჩოლეიშვილი, გაგუა, გულიაშვილი (90. გულიაშვილი)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
გოლები: 1:0 კაპანაძე (68), 2:0 კაპანაძე (73)