ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მარცხისა (1:4) და 10 ქულის დაკლების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კლუბი ანომალიურ მდგომარეობაში ჩააგდეს.
„სტადიონზე რომ მივედით, 69 ქულა გვქონდა, ხოლო როდესაც მატჩისწინა გახურებიდან გასახდელში დავბრუნდით - 59. არ უნდა ვეძებოთ ალიბი და საბაბი, მაგრამ ფაქტია, რომ უცნაური სიტუაციაა, მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე 10 ქულა მოგვაკლეს, ბუნებრივია ამან მენტალური კოლაფსი გამოიწვია. ცხადია, რომ მოედანზე 69 ქულა მოვიპოვეთ, ბიჭებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს. ეს ანომალიური მდგომარეობაა, შემდეგი 10 დღე რთული იქნება.
უნდა დაველაპარაკო კლუბს და გავიგო, მომდევნო სეზონში რისთვის ვითამაშებთ. ახლა „იუვენტუსიდან“ წასვლა სიმხდალე იქნებოდა. თუმცა, ისინი წყვეტენ სად უნდა ვიყოთ და ეს განმაცვიფრებელია, ეს არის პატივისცემის ნაკლებობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მუშაობენ“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 20 იანვარს 15 ქულა დააკლეს, რომელიც აპრილში დაუბრუნეს, თუმცა, ამჯერად გადაწყვეტილება მესამედ შეიცვალა და 10 ქულა დააკლეს.