„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ტრენტინოს შეკრებაზე გულშემატკივრებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ნეაპოლში ფეხბურთი რელიგიას ჰგავს, თითქოს მასზე მეტიცაა, ეს კი ძალიან მოსწონს.
„როდესაც ნეაპოლში ჩამოვედი, მაშინვე ვიგრძენი ძალიან ძლიერი ემოცია. ვნახე მოზეიმე ქალაქი, რომელიც ფეხბურთის უზარმაზარი ვნებით ცხოვრობს. ჩემი სურვილია ქალაქს ეს ენთუზიაზმი შევუნარჩუნო. ნეაპოლში ფეხბურთი უფრო რელიგიას ჰგავს, ვიდრე თამაშს და ეს ასპექტი ძალიან მომწონს.
ჩვენი მიზანია გამარჯვება და ამისთვის ვითამაშებთ, შემდეგ ვნახოთ, როგორ ითამაშებს გუნდი. თუ გუნდი კარგად თამაშობს, მას მოგების ბევრად მეტი შანსი აქვს. სწორედ ამიტომ პირველი მიზანია კარგად ვითამაშოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.
შემადგენლობა ძალიან ხარისხიანია და მინდა, ამ პროექტში ყველა ჩავრთო. პრეზიდენტი ჩემსავით ამბიციურია, თუ გაძლიერება დაგვჭირდება, შესაბამის ფეხბურთელებს ვიპოვოთ. ჩემი ამოცანაა, რომ გუნდი ამ დონეზე დარჩეს. შარშან თამასა ძალიან მაღლა აიწია და ეს იქნება ამოსავალი წერტილი.
კიმის შეცვლა ადვილი არ არის, მაგრამ გუნდში უკვე მყავს სამი მაღალი დონის ცენტრალური მცველი. შემდეგ ვნახოთ, ვისი ყიდვა იქნება შესაძლებელი ბაზარზე. გავიხსენოთ, რომ როცა გუნდიდან კულიბალი წავიდა, შეუცვლელი ჩანდა. რა თქმა უნდა, ვინც მოვა, უნდა იყოს მაღალი დონის, თუ არადა, სამი მცველი უკვე გვყავს.
ტაქტიკაზე უკვე ვთქვი, რომ თავიდან 4-3-3 სქემით ვითამაშებთ, შემდეგ სეზონის განმავლობაში შევაფასებთ ალტერნატივებს. შესაძლებელია სხვა სქემის გამოყენებაც.
ოსიმენი? ის უახლოეს ხანში შემოგვიერთდება, კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება. თუმცა მანამდე პრესეზონზე რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.