11 ოქტომბერს, გლაზგოში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას გუნდი “აიბროქსზე” შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან კიდევ ერთი წაგების შემთხვევაში, ეროვნული გუნდი ფაქტობრივად უშანსოდ რჩება...
სქოთებმა შესარჩევის პირველი მატჩი გასვლაზე გერმანიასთან ჩაატარეს და წაგების მიუხედავად, გორდონ სტრაჩანის გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან სტუმრად მინიმალური წაგება შოტლანდიისთვის კატასტროფა ნამდვილად არაა, რადგან დიდი ალბათობით გერმანია პირველ ადგილს არავის დაუთმობს და დარჩენილი ორი ადგილისთვის, გიბრალტარის გარდა, ყველა გუნდს აქვს ბრძოლის შანსი. ისეთი თამაშით კი, როგორიც ბრიტანელებმა გერმანიასთან შემოგვთავაზეს, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების კარგი შანსი ექნებათ.
შოტლანდიის ნაკრები ტრავმის გამო რობერტ სნოდგრასს მოისაკლისებს. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი სკოტ ბრაუნი, რომელმაც გერმანიასთან შეხვედრა გამოტოვა, ხოლო რაიან გოლდი და სტივ მეი სქოთთა ეროვნულ გუნდში პირველად არიან გამოძახებულნი.
წინა მატჩთან შედარებით გარკვეული ცვლილებებია საქართველოს ნაკრებშიც, თემურ ქეცბაიამ გასაგები მიზეზის გამო, დავით თარგამაძეს ნაკრებში არ უხმო, ხოლო შემდგომ ნაკრებს სანდრო კობახიძე და ლაშა დვალი გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად, ქეცბაიამ ლევან ხმალაძე, გიორგი ჭანტურია და ლადო დვალიშვილი გამოიძახა.
10 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “პატრიკის” სტადიონზე 23-კაციანი შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ნაკრებთან ერთად ივარჯიშა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც გლაზგოში საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა. ასევე, სრული დატვირთვით ივარჯიშა ჯანო ანანიძემ, რომელმაც წინა ვარჯიში ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა.
ვარჯიშის დასრულების შემდგომ მცირე ინტერვიუებით შემოიფარგლნენ გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი. “ჯვაროსნების” მეკარის თქმით, იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ მაქსიმალური მონდომებისა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში კარგად თამაშის შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. თორნიკემ კი საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაშია.
გეტყვით, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთ ჯგუფში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იყვნენ. გლაზგოში სქოთებმა 2:1 იმარჯვეს, ხოლო თბილისში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლევან მჭედლიძისა და დავით სირაძის გოლებით 2:0 იმარჯვა და მეტოქეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მოუსპო.
შეხვედრის მთავარი მსაჯი, 33 წლის ჩეხი მიროსლავ ზელინკა იქნება, რომელიც 2011 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.
შოტლანდია - საქართველო
გლაზგო, “აიბროქს სთედიუმი”, 20:00
სავარაუდო შემადგენლობები
შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, მარტინი, ჰენლი, რობერტსონი, მალგრიუ, მორისონი, ბრაუნი, ბენანი, ს.ფლეტჩერი, ნეისმიტი.
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ს.კვირკველია, ხუბუტია, დ.კვირკველია, კაშია, კანკავა, დაუშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი, გელაშვილი.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
მსაჯი: მიროსლავ ზელინკა