ევრო 2024 გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნა, რომელშიც მასპინძელმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 5:1 გაანადგურა.
„ალიანც არენაზე“ მასპინძელმა გერმანიამ მატჩი აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე დაანახა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად იყო მოედანზე გასული. ბუნდესნაკრები მალევე დაწინაურდა, როდესაც მე-10 წუთზე იოზუა კიმიხის პასს „ლევერკუზენის“ ერთ-ერთი ლიდერი, ფლორიან ვირცი გამოეხმაურა და შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში.
მატჩის მე-19 წუთზე ილქაი გიუნდოგანმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა კაი ჰავერცს, რომელმაც კარში დარტყმა არ გადაწყვიტა, ჯამალ მუსიალას უპასა და ამ უკანასკნელის დარტყმაც ზუსტი გამოდგა - 2:0.
შეხვედრის 44-ე წუთზე გერმანიამ ალბათ, ამ შეხვედრაში ყველაფერი გადაწყვიტა. საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ილქაი გიუნდოგანი გამოეხმაურა, თუმცა მისი დარტყმული ანგუს განმა მოიგერია. დამატებაზე ბურთი კვლავ „ბარსელონას“ ფეხბურთელისკენ გაემართა, თუმცა მას დარტყმის საშუალება რაიან პორტეუსმა არ მისცა, რომელმაც ძალიან უხეშად ითამაშა და გიუნდოგანს პირდაპირ გაშლილი ფეხი ჩაარტყა. შედეგად, პორტეუსი წითელი ბარათით დაისაჯა, შოტლანდიის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად კაი ჰავერტცმა აქცია - 3:0.
ისედაც უმომენტოდ მყოფ შოტლანდიის ნაკრებს მეორე ტაიმში 10 კაცით შეტევები კიდევ უფრო გაუჭირდა. შეხვედრის 68-ე წუთზე კი ცვლილებაზე გამოსულმა ნიკლას ფულკრუგმა გერმანელთა უპირატესობა ოთხამდე გაზარდა - 4:0.
მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიას კარში ზუსტად არ დაურტყამს, ბრიტანელებმა გოლის გატანა კურიოზულად, თუმცა მაინც შეძლეს - 87-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა თავით საკუთარ კარში შესანიშნავად დაარტყა და ნოიერს შანსი არ დაუტოვა - 4:1.
მატჩის მიწურულს გერმანიამ კიდევ ერთხელ შეუტია და შეხვედრას წერტილი ემრე ჯანმა 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაუსვა.
საბოლოო ჯამში, შეხვედრა გერმანიის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა. მასპინძლებმა A ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს და მეორე ტურის მატჩს დაელოდებიან, რომელშიც 19 ივნისს, 20:00 საათზე უნგრეთს დაუპირისპირდებიან. შოტლანდიის ნაკრები მომდევნო მატჩს ასევე 19 ივნისს, 23:00 საათზე, შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
გერმანია 5:1 შოტლანდია
ვირცი (10), მუსიალა (19), ჰავერტცი (45+1), ფულკრუგი (68), ჯანი (90+3) - რუდიგერი ავტოგოლი (87)
წითელი ბარათი: პორტეუსი (44)
ალიანც არენა - მიუნხენი
მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, რუდიგერი, ტა, მიტელშტადტი - ანდრიხი (გროსი - 46), კროოსი (ჯანი - 80) - გიუნდოგანი ვირცი (ზანე - 63), მუსიალა (მიულერი 74), - ჰავერცი (ფულკრუგი - 63).
შოტლანდია (3-4-3): განი - პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი (მაკკენა - 78) - რობერტსონი, მაკგრეგორი (გილმორი - 67), მაკტომინეი, რელსტონი - კრისტი (შენკლენდი - 82), მაკგინი (მაკლინი - 67), ადამსი (ჰენლი - 46).