საქართველოს სამბისტთა ასაკობრივმა ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრადიციულად, უხვმედლიანად იჭიდავეს. სეულში დღეს დასრულებულ შეჯიბრებაზე ქართველმა ჭაბუკებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ახალგაზრდების ანგარიშზე კი 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.
ჭაბუკთა გუნდი ცხრა სპორტსმენით გავიდა ხალიჩაზე. ირაკლი კუპატაძემ (52 კგ), ჯამბულ ქურდიანმა (60 კგ) და ვანო ჩურჩხელაშვილმა (75 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს. გიორგი მეტრეველს (65 კგ), ირაკლი გოგიასა (87 კგ) და ჯაბა მუმლაძეს (+87 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ირაკლი შონია (48 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
საპრიზო სამეულს მიღმა მხოლოდ თორნიკე მახათაძე (70 კგ) და გიორგი ქურდიანი (81 კგ) დარჩნენ.
ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან მსოფლიოს უძლიერესი სამბისტის სახელი თორნიკე ჭოველიძემ (68 კგ) მოიპოვა. ლაშა პარასკებაშვილმა (62 კგ), რეზო წულუკიძემ (100 კგ) და გიორგი ლაზუაშვილმა (+100 კგ) ფინალში წააგეს. მიხეილ მეზურნიშვილი (82 კგ) და ზაურ მამარდაშვილი (90 კგ) პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ, გიორგი მელქუაშვილმა (48 კგ) და ლერი ბედინაძემ (52 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავეს და საბოლოოდ მეხუთე ადგილები დაიკავეს. ჩამოთვლილ სამბისტთა გარდა სამხრეთკორეულ ხალიჩაზე ომარ ნიაზშვილიც (74 კგ) გავიდა.
ვასილ მშვილდაძე