crocobet დიდი 10-ის მე-13 ტურის პირველ შეხვედრაში, ‘ბათუმმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ ბონუს-ქულით - 40:18 სძლია და ლიდერებს მიუახლოვდა.
თამაშის დღეს ზღვისპირეთში გაწვიმდა და შეხვედრას „ბათუმი არენას“ ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. მატჩის მსვლელობისას ორივე გუნდი შეცდომებს მრავლად უშვებდა. მასპინძლები დებიუტში სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ დასკვნით ფაზაში ტექნიკური წუნის გამო, მათი გამოყენება 20 წუთის განმავლობაში ვერ მოახერხეს.
ტაიმის შუაში ჟორა მღებრიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ‘ბათუმმა’ კაცნაკლულ მეტოქეს შერკინებიდან შეუტია, ზურაბ ფირცხალაიშვილმა ბურთი სისწრაფეში მიიღო, ხაზი ლამაზ სტილში გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. 25-ე წუთზე ვაჟა მიქაძე მბოჭავს მარცხენა ფრთაზე გაექცა და ლელომდე ირბინა. ფირცხალაიშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა.
‘ყოჩებმა’ 32-ე წუთზე უპასუხა. ლაშა მალაღურაძემ ფეხით რამდენჯერმე ითამაშა, რის შემდეგაც თემურ ჭიჭინაძემ ხაზი გაჭრა და ლელოს 10 მეტრამდე მიუახლოვდა, შეტევა მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა, გიორგი გამყრელიძის მიძალების შემდეგ თენგიზ პერანიძემ ხაზი გაჭრა და ერთი ლელო გაქვითა. მალაღურაძემ გარდასახვის შემდეგ კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, თამაშის განახლებისთანავე კი, ზუსტი დარტყმა უკვე 27 მეტრიდან შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 14:13.
‘ბათუმმა’ თამაშის განახლებისთანავე დასარტყმელი ჯარიმა მოიპოვა, მაგრამ ლელოზე თამაში არჩია და 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ალეკო შამილიშვილის ლელოთი დასრულდა. ზღვისპირელებმა შერკინებაში მოპოვებული უპირატესობა 56-ე წუთზეც გამოიყენეს. ამჯერად შერკინებამ 5 მეტრი დაფარა და ბურთი გიორგი შუკაკიძემ დაამიწა. 4 წუთში მასპინძელთა სწრაფი შეტევის შემდეგ ხაზი სუფთად ბუბა ნოზაძემ გაჭრა და საკუთარი გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა. ფირცხალაიშვილი კარში დარტყმების 100%-იან მაჩვენებელს ინარჩუნებდა - 35:13.
‘ყოჩებმა’ გაიბრძოლა და 64-ე წუთზე ლამაზი ლელოთი უპასუხა. ჭიჭინაძემ უხერხული ბურთი მეტოქის 10-მეტრიან წყვეტილთან მიიღო, თითქოს უიმედო შეტევაში მოულოდნელად აფეთქდა, ხაზი გაჭრა და სანახაობრივი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, შეხვედრის ბოლო წერტილი კი ბათუმელთა ცენტრმა გიორგი წიკლაურმა დასვა, რომლის ლელომაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 40:18. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზურა ფირცხალაიშვილი გახდა.
სეზონში განცდილი მე-11 მარცხის შემდეგ ‘ყოჩები’ ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება და ‘ტაოს’ 8 ქულით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც ერთ ტურში შეუძლებელია. ‘ბათუმმა’ 42 ქულით მესამე ადგილი გაიმყარა და მეორე საფეხურზე მყოფ ‘არესს’ 1 ქულითღა ჩამორჩება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მე-13 ტურის დანარჩენი შეხვედრები ჯერ არ გამართულა.
ხვალ, 15 თებერვალს ‘არესი’ თბილისის ‘არმიას’ „აია არენაზე“ 14 საათზე მასპინძლობს, ხოლო 16 საათზე ‘ხვამლი’ ‘ლელოს’ თბილისურ დერბიში დაუხვდება. 16 თებერვალს, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ „ავჭალაზე“ 14 საათზე ეთამაშება, ტური კი 16 საათზე, რუსთავში ადგილობრივი ‘ხარებისა’ და ჩემპიონი ქუთაისის ‘აიას’ რკენით დასრულდება.
RUGBY.GE