„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მომავალში მისთვის საინტერესო და სასიამოვნო იქნებოდა, თუ ისეთ გუნდში მიიწვევდნენ სამუშაოდ, რომელშიც პრობლემები არაა და პირიქით, სეზონის წინ ჩემპიონატში მთავარ ფავორიტად განიხილება.
ამის შესახებ კონტემ „კომოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„სწორად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეულ მატჩს კარგად მივუდგეთ, მხოლოდ ერთი მიზნით: მოგება! „კომოს“ საინტერესო პროექტი აქვს, დიდ ინვესტიციას დებენ და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ.
დავთანხმდებოდი „ნაპოლის“ სკუდეტოს და „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას? ვფიქრობ, ნებისმიერი კომენტარი ზედმეტია. ჩემი საყვარელი გზაა სხვებზე ერთით მეტი გოლის გატანა.
ისეთ გუნდებში მიწვევენ, სადაც პრობლემებია მოსაგვარებელი? ჩემი ისტორია ასეთია, მაგრამ მომავალში მომეწონებოდა ისეთ გუნდში მისვლა, რომელიც ჩემპიონატს პოლპოზიციაზე დაიწყებდა. ნამდვილად სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა ჩემთვისაც იმის გაგება, თუ რას ნიშნავს, სეზონი დაიწყო ყველაზე ძლიერი გუნდით. ჩემი მუშაობის შედეგად, ჩემპიონატში ყველაზე ძლიერ გუნდად გამიხდია რამდენიმე გუნდი, სადაც ვმუშაობდი, მაგრამ უკვე ასეთი სტატუსის მქონე გუნდში მუშაობის დაწყებაც კარგი იქნებოდა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა, ხოლო მანამდე „ტოტენჰემში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, იტალიის ნაკრებში, „იუვენტუსში“, „სიენაში“, „ატალანტაში“, „ბარისა“ და „არეცოში“ აქვს ნამუშევარი.