ფეხბურთი

19:15 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "მენტალურად პრობლემა გვაქვს, მეორე ტაიმში მოედანზე სხვა გუნდი გავიდა"
"შესანიშნავი სეზონი გვაქვს, არავინ ელოდა, რომ ამ პოზიციაზე ვიქნებოდით"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „კომოსთან“ მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პირველი ტაიმი მოეწონა, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე სხვა გუნდი გავიდა.

კონტეს აზრით, მის გუნდს მენტალური პრობლემა აქვს, რასაც მუშაობა სჭირდება:

„პირველი ტაიმი მომეწონა, რაჰმანის ავტოგოლის შემდეგ არ გავტყდით და რეაგირება შევძელით. მეორე ტაიმზე შეკითხვები საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, რადგან ჩვენი იდეები გასახდელში დავტოვეთ, მოედანზე სხვა გუნდი გავიდა და მეტოქეს დავემორჩილეთ. მენტალური ნაბიჯების გადადგმა საჭიროა, მაგრამ დროა საჭირო. მეორე ტაიმი მენტალურად კარგი არ იყო, როგორც ბოლო მატჩები, როცა უპირატესობა ხელიდან გავუშვით. როგორც მწვრთნელმა, მე უნდა ვიმუშაო გუნდის მენტალურ მდგომარეობაზე, მაგრამ გარკვეულ პერიოდამდე.

ეს მარცხი მტკივნეულია, იმის გამო, თუ როგორ წავაგეთ. მენტალურ დონეზე ბზარი გაგვიჩნდა, თუმცა ბიჭები ყველაფერს აკეთებენ. მათ სჭირდებათ დრო გაზრდისთვის, არა მხოლოდ ტექნიკურ-ტაქტიკურად, არამედ მენტალურადაც. სეზონის სტარტიდან დიდი წნეხით ვთამაშობთ და ისეთ ადგილზე ვართ, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა მეორე ტაიმი უნდა გავაანალიზოთ, რატომ იყო მეტოქე ჩვენზე მშიერი და მონდომებული, რატომ მოიგეს ყველა დუელი.

ლუკაკუ? აზრი არ აქვს ჩემთვის ინდივიდებზე შეკითხვების დასმას. გუნდი იმარჯვებს და გუნდი მარცხდება. წაგებაზე პირველი პასუხისმგებელი მე ვარ, ლუკაკუ კი, უბრალოდ გუნდის ნაწილია. თოკი ძალიან არ უნდა გვაწელოთ, თორემ ძრავის ბრუნის გაწყვეტის რისკი არსებობს. ვიცი, რომ ჩემი გუნდი წარმოუდგენელ შედეგს აჩვენებს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ში 8 დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო და 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, ხოლო ბოლო 4 ტურში არ მოუგია (3 ფრე, 1 წაგება). შედეგად, „ნაპოლი“ 56 ქულით მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა და 1 ქულით ჩამორჩა „ინტერს“, რომელსაც მომდევნო ტურში, პირველ მარტს, ნეაპოლში უმასპინძლებს. ასე რომ, წინ შეიძლება ითქვას, საჩემპიონო მატჩია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090463