რაგბი

22:22 | 24.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 42:26 ტაო

რუსთავის ‘ხარებმა’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ 42:26 აჯობა და „სარბიელის სინთან“ ერთად, მოწინავე ექვსეულში ადგილი შეინარჩუნა.

მასპინძლებმა 6 ლელო გაიტანეს და ბონუს-ქულის აღებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა სამცხე-ჯავახეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და გაწითლებულ დროზე გატანილი მეოთხე ლელოთი, რუსთაველებს მნიშვნელოვანი ქულა ჩამოართვეს.

crocobet დიდი 10-ის მე-14 ტურის შეხვედრა „ხარები არენას“ დათოვლილ, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ორგანიზატორებმა კარგად იმუშავეს და მატჩის დაწყებამდე საფარის ძირითადი ნაწილი გაწმინდეს, რამაც თამაშის ჩატარება შესაძლებელი გახადა.

ანგარიშის გახსნა ‘ტაოს’ ჯარიმით შეეძლო, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. ამაზე ‘ხარებმა’ მაიკელე როკონდინონოს კარგი გარღვევით ლუკა წიკლაურის ლელოთი უპასუხა, სანდრო მარგიანმა კი გარდასახა. ‘ტაომ’ ძალისმიერ სტილში შეუტია, მოლს მიზნამდე ცოტა დააკლდა, თუმცა საქმეში გიგა ქუცნიაშვილი ჩაერთო და ლელო გაქვითა. ამის შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და ორი კარგი შეტევა ჯერ ირაკლი ლუარსაბიშვილის, მერე ანარე ტუიტაის ლელოებით დასრულდა და მარგიანმაც გარდასახვები ზუსტად შეასრულა - 21:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ხარებმა’ მონაგარს კიდევ ორი ლელო შემატა. პირველ ჯერზე ლუკა კოხიამ ჯარიმა გაითამაშა და ლელომდე დარჩენილი 6-7 მეტრი სწრაფად დაფარა, მეორე შემთხვევაში კი ლუკა წიკლაურმა კონტრშეტევისას ფეხით გადაკიდა ბურთი, თავად მიყვა და ლელოში დაამიწა. მარგიანმა ორივე გარდასახა, მასპინძლების უპირატესობა 30 ქულამდე გაზარდა.

‘ტაოს’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდა და 10 წუთში ორივე ლელო გაქვითა. დერეფანში კარგად მოწოდებული ბურთისა და მოლის შემდეგ პირველი ლელო ნაელესონი ნასოკიტამბუამ მიითვალა, მერე კი დერეფნიდან გათამაშებული კარგი კომბინაცია სტუმართა კიდე ერთი ლეგიონერის, რატუ მელი ტურანგათას ლელოთი დასრულდა და ოთარ ტალახაძემაც გარდასახვები ზუსტად შეასრულა.

თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, 71-ე წუთზე მაიკელი როკონდინონო მცველს თავის ნახევარზე გაექცა და ლელომდე ირბინა, რითაც თავისი გუნდი ბონუსის ზონაში დააბრუნა და გიორგი პეტრიაშვილმაც გარდასახა. თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა სტუმრებმა დასკვნით წუთებში გააფთრებით შეუტიეს, რასაც მასპინძელთა მხრიდან ჯერ ნიკოლოზ გაბედავას, მერე კი ლუკა კოხიას სინბინი მოყვა და ‘ხარები’ 13 კაცის ამარა დარჩა. ამით კარგად ისარგებლა გიორგი ნოზაძემ, რომელმაც 5-მეტრიანი შერკინებიდან თავად შეუტია და ლელოთი ‘ხარებს’ ბონუს-ქულა ჩამოართვა, ტალახაძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 42:26.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მაიკელი როკონდინონო გახდა. მისი გუნდი 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და „ხვამლსა“ და „არმიას“ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, მდევრებს კი 6-6 ქულით უსწრებს, რისი აღმოფხვრაც ერთ ტურში შეუძლებელია.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09726