საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში „ლიონმა“ „ბრესტი“ 2:1 დაამარცხა, ალექსანდრ ლაკაზეტის დუბლით.
ზოგადად, ფრანგი ფორვარდი მოედანზე მთავარი მოქმედი პირი იყო: მე-15 წუთზე პენალტი აიკიდა, რის შემდგომაც „ბრესტი“ დაწინაურდა, მაგრამ ლაკაზეტმა შეცდომა თვითონვე გამოასწორა. 24-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 82-ე წუთზე გამარჯვების გოლიც შეაგდო.
გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, სანამ ლაკაზეტი მოედანზე იყო, გიორგი მარცხენა გარემარბად მოქმედებდა, მხოლოდ ბოლო წუთები გაატარა ფორვარდის პოზიციაზე. ქართველი ფეხბურთელი პირველ საგოლე შეტევაში მონაწილეობდა.
მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„ლიონი“ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში სტუმრად, 9 მარტს, უშუალო კონკურენტ „ნიცას“ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა მსაჯთან სერიოზულად იკამათა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკურამდეც არაფერი დაუკლია და გააძევეს. სავარაუდოდ, პორტუგალიელს სერიოზულად დასჯიან.