რაგბი

20:55 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 26:24 ლელო

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ლელოსთან’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა, crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურში 26:24 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.

‘არესმა’ ამავე ტურში თანაქალაქელი ‘აიას’ მარცხით ისარგებლა, მას 3 ქულით გადაასწრო და 56 ქულით გალიდერდა. ‘ლელოს’ ბოლომდე ბრძოლა ერთი ნუგეშ-ქულით დაუფასდა, 28 მოუგროვდა და მე-7 პოზიციაზეა. მას საფლეიოფო ექვსეულს 5 ქულა აშორებს, თუმცა კონკურენტებს მე-15 ტურის შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

თამაში „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში თბილისელები ხშირად სცოდავდნენ, მასპინძლები თამაშს აკონტროლებდნენ და მეორე ტაიმის დასაწყისში 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, დასკვნით 25 წუთში კი ‘ლელო’ გააქტიურდა და თამაშის მოგების შანსიც ქონდა, თუმცა მეტოქეს საბოლოოდ 2 ქულით ჩამორჩა.

პირველსავე წუთზე სტუმრებს დაწინაურების შანსი ჰქონდათ, მაგრამ პეტრე ხუციშვილის ჯარიმა მიზანს ასცდა. ‘არესმა’ კარგი შეტევით უპასუხა, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და ნიკა ძნელაძის ლელო გიორგი თევდორაძემ გარდასახა. თამაში რომ განახლდა ზურა გოთაძემ (ლელო) ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა 3 წუთში სინბინით უკვე ზურა ძნელაძე დაისაჯა, რასაც ‘ლელოს’ მაღალ ტემპში ხელდახელ შეტევა და ლუკა კვენეტაძის ნახტომში გატანილი ლელო მოყვა. გარდასახვა მიზანს ასცდა.

სტუმრები შეტევაში ხშირად სცოდავდნენ, ბურთს უწყინარ სიტუაციებში კარგავდნენ და ამით ქუთაისელები სარგებლობდნენ. მე-15 წუთზე ‘არესის’ ფორვარდებით შეტევა გუნდის კაპიტანის, ბექა ვარდანიძეს ლელოთი დასრულდა, 28-ე წუთზე კი მათ საკუთარი 22-იდან მეტოქის 22-ში გადაიტანეს ბურთი, დერეფნიდან შეტევა გაშალეს და ცოტნე კვესელავამ ხაზი მარტივად გაჭრა. თევდორაძემ ორივე გარდასახა - 21:5.

მეორე ტაიმში ‘ლელომ’ ბურთზე კონტროლი დაამყარა, თუმცა 53-ე წუთზე ლელო კვლავ თავად გაუშვა. სწრაფი კონტრშეტევისას ფეხით გადაკიდებულ ბურთს ნიკა ძნელაძე მიყვა და დუბლი შეასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო. ‘ლელო’ თამაშში მალე დაბრუნდა, 5 წუთის ინტერვალით ორი მოლი ნიკა ბაბუნაშვილის დუბლით დასრულდა, პეტრე ხუციშვილმა ერთი გარდასახა და ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა.

70-ე წუთზე ლუკა სახელაშვილის ფეხით გადაკიდებულ ბურთს ლუკა კვენეტაძე მიყვა და თავისი მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა. გარდასახვა სახელაშვილმა შეასრულა და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. დარჩენილ დროში ‘ლელო’ ბევრს ეცადა, მაგრამ ‘არესმა’ თავის დაცვა მოახერხა და დაძაბულ მატჩში 26:24 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე არსენ მაჩალაძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091951