ფეხბურთი

10:56 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ენდრიკის სახე რომ დავინახე, ვთქვი, ჯობდა მეხუთე პენალტი რიუდიგერს დაერტყა"
"ფეხბურთი უცნაურია, ალვარესი ბურთს ორივე ფეხით შეეხო"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ხულიან ალვარესი პენალტის დარტყმისას ბურთს ორჯერ შეეხო. იტალიელმა ასევე გაასაჯაროვა ისტორია, თუ როგორ აირჩია მეხუთე პენალტის შემსრულებლად ანტონიო რიუდიგერი.

„რთული თამაში იყო, რადგან მათ პირველივე წუთზე გაიტანეს. ცოტა დინამიკა შეიცვალა. თავს ძალიან კარგად იცავდნენ, კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ჩვენ ბევრი აშკარა მომენტი არ გვქონია, მაგრამ პენალტი გვქონდა. „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ საგოლე მომენტების შექმნა ძნელია, რადგან ისინი თავს საოცარი შემართებით იცავენ.

სწრაფი გოლის შემდეგ შეგვეშინდა იმის, რომ თამაში ვერ გაგვეკონტროლებინა, მაგრამ მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, მეტოქის ნახევარზე თამაშს უკეთ ვაკონტროლებდით, პენალტებამდე მისვლა შეგვეძლო და ასეც მოხდა. გვინდოდა, თამაში მანამდე დაგვესრულებინა. კამავინგამ დიდი წვლილი შეიტანა, ჩუამენი იმიტომ შევცვალე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა და რისკს მოვერიდეთ, ბრაიმი კარგად შემოვიდა და მანაც დიდი წვლილი შეიტანა, მენდი დაშავდა, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ.

ალვარესის პენალტი? დიახ, ფეხბურთი ძალიან უცნაურია, მაგრამ ორჯერ შეეხო. მარჯვენა ფეხით დაარტყა და ბურთს მარცხენა ფეხითაც შეეხო. პენალტები საბოლოო ჯამში მაინც ლატარიაა, ეს ყველამ ვიცით. გვინდოდა, მეხუთე პენალტი ენდრიკს დაერტყა, მაგრამ რიუდიგერი უფრო ცივი გონებით იყო. როდესაც ენდრიკს ვუთხარი, რომ მეხუთე დაერტყა, არც ისე ბედნიერი იყო. ენდრიკსა და რიუდიგერს შორის ვყოყმანობდით, მაგრამ ენდრიკის სახე რომ დავინახე, ვთქვი, რომ ჯობდა რიუდიგერს დაერტყა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება, მატჩები 8-16 აპრილს გაიმართება. დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით „ატლეტიკო“ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა - 2014, 2015, 2016, 2017 და 2025 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100106