ფეხბურთი

2:23 | 24.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ესპანეთი: მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების ჯგუფი დაკომპლექტდა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თურქეთისა და ბულგარეთის გარდა, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეს გაარკვია ერთა ლიგის მეოთხედფინალმა, რომელიც ძალიან დრამატული გამოდგა. სამი დღის წინ როტერდამში გუნდები დაზავდნენ (2:2) და დღეს ვალენსიაშიც ფრე დაფიქსირდა. ესპანეთი მიკელ ოიარსაბალის პენალტით დაწინაურდა, რასაც პენალტითვე მემფის დეპაიმ უპასუხა. შემდეგ იყო ოიარსაბალის დიდებული გოლი და მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ 79-ე წუთზე იან მაატსენმა გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

იქ ესპანეთი მესამედ დაწინაურდა, ამჯერად ლამინ იამალის ბრწყინვალე გოლით, მაგრამ 6 წუთში ჩავი სიმონსმა პენალტით წონასწორობა მესამედ აღადგინა. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ესპანელებმა 5:4 გაიმარჯვეს.

ესპანეთი - ნიდერლანდები 3:3 პენ: 5:4 (1:0)

გოლები: 1:0 ოიარსაბალი (8, პენ), 1:1 დეპაი (54, პენ), 2:1 ოიარსაბალი (67), 2:2 მაატსენი (79), 3:2 იამალი (103), 3:3 სიმონსი (109, პენ)

ესპანეთი საქართველოსთვის უკვე ძალიან ნაცნობი მეტოქეა. პირველად ჩვენი გზები 2012 წელს გადაიკვეთა, მას შემდეგ კი, 8 დაპირისპირება შედგა, საიდანაც მეტოქემ 7 მოიგო, ერთხელ საქართველომ.

2021 წლიდან საქართველო ესპანეთს 5-ჯერ შეხვდა და წინ კიდევ ორი მატჩია. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველომ პირინელებთან ყველა შეხვედრა წააგო - 1:2, 0:4, 1:7, 1:3, 1:4.

საქართველოს ნაკრების ჯგუფის (E) კალენდარი

I ტური - 4 სექტემბერი

საქართველო - თურქეთი
ბულგარეთი - ესპანეთი

II ტური - 7 სექტემბერი

საქართველო - ბულგარეთი
თურქეთი - ესპანეთი

III ტური - 11 ოქტომბერი

ბულგარეთი - თურქეთი
ესპანეთი - საქართველო

IV ტური - 14 ოქტომბერი

თურქეთი - საქართველო
ესპანეთი - ბულგარეთი

V ტური - 15 ნოემბერი

საქართველო - ესპანეთი
თურქეთი - ბულგარეთი

VI ტური - 18 ნოემბერი

ბულგარეთი - საქართველო
ესპანეთი - თურქეთი

0.174991