ირანის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში უზბეკეთს მეჰდი ტარემის დუბლით დაუზავდა (2:2). ამ ქულით ირანმა შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ფინალური ეტაპის საგზური.
ირანი ჯგუფში 20 ქულით ლიდერია. ძალიან ახლოსაა მუნდიალთან უზბეკეთიც, რომელსაც 17 ქულა აქვს და წესით, მომდევნო ტურში მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს, ხოლო ამავე ჯგუფიდან პლეი-ოფში გავლენ არაბეთის გაერთიანებული საამიროები და კატარი...
სხვა ჯგუფებში სიტუაციას რაც შეეხება: იორდანია-ერაყს შორის ერთ-ერთი აუცილებელად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, შეიძლება ორივეს. შანსი აქვს ომანს, ინდონეზიას....
მოგეხსენებათ, ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა 48-მდე გაზარდა, ძირითადად აზიისა და აფრიკის კონტინენტის ხარჯზე, ხოლო ევროპას, რომელსაც 32-გუნდიან ფორმატში 13 კვოტა ჰქონდა, მხოლოდ 3 კვოტა დაუმატეს და მხოლოდ 16 ევროპული ნაკრები იქნება 48-გუნდიან მუნდიალზე, რაც ცოტა უსამართლობის განცდას ტოვებს. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ზონიდან, რომლის შესარჩევში 10 ნაკრები თამაშობს, 7 გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე...
ირანი მასპინძლების, აშშ-ს, კანადისა და მექსიკის გარდა, მესამე ნაკრებია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე გაინაღდა მუნდიალის საგზური. მანამდე იგივე იაპონიამ და ახალი ზელანდიამ მოახერხეს.
ირანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა, ისტორიაში კი, სულ მეშვიდედ.