ფეხბურთი

13:48 | 26.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

2024 წლის 26 მარტი - ისტორიული გამარჯვებიდან ერთი წელი გავიდა (+VIDEO)

გახსოვს რა ატმოსფერო იყო იმ დღეს? ისეთი ემოცია, თითქოს მთელი ქვეყანა ერთად სუნთქავდა. ყველა მზად იყო ემოციების გაზიარებისთვის. ახლა შეგვიძლია სწორედ იმ მომენტის გახსენება და მისი თხრობაში გადმოტანა.

საქართველოს ნაკრების მონდომება, გულშემატკივრების სიხარული და წამებში ჩატეული უსაზღვრო ემოცია.

2024 წლის 26 მარტი - ამ დღემ, თითოეული ჩვენგანის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. სტადიონზე არსებული ატმოსფერო, რომელიც ათასობით ქომაგის ერთობლივ ნერვიულობასა და მოლოდინში იყო გაერთიანებული. სტადიონი თითქოს რაღაც კარგის მოლოდინში იყო. თვალებში ნათელი იმედი, ხელები შეკრული, უძრავი მზერა, რომელიც მხოლოდ გამარჯვებაზე ოცნებობდა. ყველა გულშემატკივარი ერთად იდგა – ერთი აზრით, ერთი სურვილით და ერთი გრძნობით. - გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატის ისტორიული საგზურის მოპოვების იმედით.

26 მარტი - ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა და ყველას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

ემოციები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება - 2024 წლის 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, დანარჩენი ისტორიაა. ისტორია, რომელიც ყოველთვის ცოცხალი იქნება.

მოდით თანმიმდევრულად გავიხსენოთ...

საბერძნეთთან მატჩი საქართველოსთვის მეორე შანსი იყო, მეორე, 2020 წელს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან დეპრესიული და იმედგამაცრუებელი თამაშის შემდეგ. შანსი, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ.

გაგვიმართლა, რომ მასპინძელი სტადიონი კვლავ „დინამო არენა“ იყო. საბერძნეთი ფავორიტად მიიჩნეოდა, მეტი გამოცდილებაც ჰქონდა, თუმცა, მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. ქართველი ფეხბურთელები მიდნორზე თითოეული სანტიმეტრისთვის თავგანწირვით იბრძოდნენ. გვახსოვს და გვემახსოვრება ბუდუმ მიწაზე ბურთზე თავით რომ იბრძოლა, არ დაგვავიწყდება გაუჩერებელი და დაუღლელი ქოჩორაშვილი, სხვებიც, ყველა - ვინც იმ დღეს მოედანზე იყო და ვინც სათადარიგო სკამზე დარჩა.

120 წუთში გოლი არ გასულა, საგოლე მომენტებიც ცოტა იყო, თუმცა, ორივე გუნდს შეეძლო მოგება. საქართველოს ნაკრები ერთხელ ხარიხამ იხსნა, მეტოქე კი, მეკარემ, როცა ზურიკო დავითაშვილს აჯობა. მერე კი იყო პენალტების სერია, ნერვების ომი, საქართველოსთვის მაინც უცხო რამ, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენმა გუნდმა პენალტების სერიაში მიიღო მონაწილეობა.

ქოჩორამ სერია უნაკლოდ დაიწყო, შემდეგ ბერძნების კაპიტანს და მთავარ პენალტისტს მამარდამ აჯობა, ზურიკომაც გაიტანა და „დინამო არენაზე“ დიდი ზეიმის აურა დადგა.

თუმცა, სწორედ მაშინ გიორგი მიქაუტაძეს არ გაუმართლა, სწორედ მას, ვინც საქართველოს ნაკრებში პირველი პენალტისტია, როგორც წესი, უშეცდომო, მაგრამ სცენარს ესეც მოუხდა, იმის გათვალისწინებით, რაც შემდეგ მოხდა.

საკვანძო პენალტი ლაშა დვალმა გაიტანა, რასაც სტუმართა მხრიდან მეორე არაზუსტი პენალტი მოჰყვა. ერთი გოლი და ეს ნიშნავდა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე წავიდოდა.

ბურთთან ნიკა კვეკვესკირი მიდის, სტადიონი დაძაბულია, მაგრამ ხმაურიანი - „შენთვის, შენთვის ვმღერი, ზღაპრის ბოლო კეთილია, შენთან, შენთანა ვარ ნურაფრის ნუ გეშინია“.

ყველა თვალში ერთი სურვილი იბადებოდა: "მათ უნდა მოიგონ!" და როცა სტადიონის შუაგულში მოთამაშეები ერთ კონკრეტულ ადგილს უყურებდნენ, ბურთთან ნიკა კვეკვესკირი მივიდა.

რამდენიმე წამი, რომელიც უნიკალური ისტორიის საწყისი გახდა. დრო თითქოს გაჩერდა. ღრმა ჩასუნთქვა და გამორბენი...

კვეკვეს მეკარემ დარტყმის მიმართულება გამოუცნო, მაგრამ ბურთი ბადეში აღმოჩნდა - საქართველო ევროპაზე. ეს იყო გამარჯვება. "საქართველო!" – გოლი, რომელიც აღარ იყო მხოლოდ ბურთის ბადეში გახვევა.

ემოციების და სიხარულის ცრემლების ზღვა, გურამ კაშიას დაუვიწყარი რეაქცია და გულშემატკივრები მოედანზე.

თითოეულ ფანში იმ წამში იკვეთებოდა არა მხოლოდ სპორტული, არამედ ცხოვრებისეული გამარჯვების განცდა, რადგან ეს გამარჯვება მხოლოდ საფეხბურთო მოედანს არ მოიცავდა - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანება, რაც ქვეყნის ისტორიას ახსოვს.

ზეიმი ქუჩაშიც გაგრძელდა, არა მარტო თბილისში, სხვა ქალაქებშიც. რესპუბლიკის მოედანი არ იყო მხოლოდ თბილისის ცენტრი – ის გახდა ადგილი, სადაც თითოეული ადამიანი გრძნობდა, რომ ისტორიის ნაწილს წარმოადგენდა.

პირველად საქართველოს ნაკრებმა შეძლო ისე აემაღლებინა ჩვენი პატარა ქვეყანა, რომ მთელ ევროპას დაანახა, თუ როგორი მებრძოლები ვართ. დღეს, ერთი წლის შემდეგ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ – ეს იყო ისტორიული ნაბიჯი, რომელმაც არა მარტო ფეხბურთელები, არამედ მთელი ქვეყანა გააერთიანა.

შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი, ზაფხულის ლამაზი დღეები გერმანიაში, ახალი ისტორიები, ახალი წარმატებები - პირველი გოლი, პირველი ქულა, პირველი გამარჯვება, ჯგუფიდან გასვლა. ახლა ეს ყველაფერი ისტორიაა, რომელსაც დასაბამი 26 მარტის გამარჯვებამ მისცა. 1 წლის თავზე კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ერთი წლის წინ ყველაზე ბედნიერი იყო.

0.092447