„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ანჟერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ეს შეხვედრა პსჟ-სთვის მნიშვნელოვანია, რადგან თუ არ დამარცხდება, ჩემპიონის ტიტულს ოფიციალურად მოიპოვებს, რაც ფორმალურად უკვე კარგა ხანია მოპოვებული აქვს.
„ვიმეორებ, რაც უკვე ვთქვი ბოლო კვირებში: ჩვენ ვირტუალური ჩემპიონები ვართ, მაგრამ ჩემპიონატი შაბათს არ დასრულდება. რამდენიმე რეკორდია დასამყარებელი, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ მოვემზადოთ სხვა ტურნირებისთვის. ვეცდებით, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები ვიყოთ. რა თქმა უნდა, ტიტულს ჩვენი გულშემატკივრებით ვიზეიმებთ მატჩის ბოლოს, თუ ამას შაბათს შევძლებთ. ჩვენთვის ეს მატჩი დიდი მოტივაციაა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაა პრაქტიკულად ჩემპიონები უკვე ვართ, მაგრამ შემდეგ რამდენიმე რეკორდიც გვაქვს დასამყარებელი.
დაუმარცხებლად ჩემპიონობა? არის რეკორდები, რომლებიც დღემდე არ მაინტერესებდა. ახლა კი, ვფიქრობ, მაგალითად, ამ სეზონში დაუმარცხებლად ვიყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ მოვემზადოთ სეზონის დასასრულისთვის და სხვა მიზნებისთვის.
ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, ინდივიდუალურად და კოლექტიურად. რაღაცებს ვცვლით, რადგან გუნდურ სპორტში ოპტიმალური დონის მიღწევა ძალიან რთულია. როდესაც სეზონისთვის ვემზადებით, ასევე ვგეგმავთ როტაციას. მაკრიტიკებდნენ როტაციისთვის, მაგრამ შედეგი გამოიღო.
საფრანგეთის თასის ფინალი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ეს არის მიზანი, რომელიც ჩვენ საკუთარ თავს სეზონის წინ დავუსახეთ. „სტად დე ფრანსზე“ თამაში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ლამაზი იქნება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ფინალის საგზური მოვიპოვეთ.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიმზიდველი ფორმატია, რომელიც საინტერესო იქნება გულშემატკივრებისთვის. ვფიქრობ, ის გამოავლენს მსოფლიოს საუკეთესო კლუბს. ჯერ არ ვსაუბრობთ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, მთელი ენერგია მიდის შაბათის მატჩში. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენ წარმოვადგენთ საფრანგეთს, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება. თასი ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან მძიმეც, მის ასაწევად ვარჯიში მოგვიწევს (იღიმის - რედ).
ძალიან ბევრი ვისაუბრეთ დემბელეზე. შარშან ვისაუბრე იმაზე, თუ რა საოცრება იყო ის ჩემთვის, იმ სტატისტიკის გარეშეც, რომელიც ახლა აქვს. ნებისმიერი გულშემატკივარი მზადაა გადაიხადოს ბილეთში ფული მისი თამაშის სანახავად. მას აქვს ორივე ფეხით დარტყმის უნარი, ის არის ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად თამაშობს, მაგრად განვითარდა, ყველგან თამაში შეუძლია, როგორც დიდ ფეხბურთელებს. იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონშიც ასეთი იქნება.
„ასტონ ვილა“? უნაი ემერი ტოპ მწვრთნელია, მან ეს უკვე რამდენიმე გუნდთან ერთად აჩვენა. ვიცით, როგორი მეტოქე გვეყოლება. ეს კიდევ უფრო სრულყოფილი გუნდია, ვიდრე შარშან იყო. ემერი კარგად მიცნობს და პირიქით, ნახევარფინალისთვის ორი საუკეთესო გუნდი იბრძოლებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონობას გაიფორმებს (ისტორიაში მე-13-ეს), თუმცა, შეიძლება წაგებითაც გახდეს ჩემპიონი, თუ ამ ტურში „მონაკო“ ვერ გაიმარჯვებს. პსჟ ლიგა 1-ში 27 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია, საფრანგეთის თასის ფინალშია გასული და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც. პსჟ - „ანჟერის“ მატჩი 5 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.