„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც გერმანელმა სპეციალისტმა „ლევერკუზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბუდუ ბოლო პერიოდში შესანიშნავად მუშაობდა და ეს ტრავმა ძალიან სამწუხაროა:
„ბუდუ ტრავმირებულია, ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ფეხბურთს თამაშობ. ბოლო კვირებში მუშაობა, მათ შორის, „ვოლფსბურგთან“ მატჩში გასაოცარი იყო. სამწუხაროა ეს ტრავმა ჩვენთვის და მისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვერ დაგვეხმარება და სხვა ფეხბურთელით უნდა შევცვალოთ.
თუმცა, არ უნდა ვიტიროთ. გუშინ ვნახე ჩვენს ფიზიომომზადების მწვრთნელთან როგორ მუშაობდა და მითხრა, რომ პოზიტიურადაა განწყობილი, რაც ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს. იოგების გარე დაზიანება აქვს, ასე, რომ მთავარია, ახლა ძალიან ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი არ იგრძნოს. ალბათ, არის შანსი, რომ მომდევნო კვირებში ითამაშოს. ბუნებრივია, სამწუხაროა ეს ტრავმა, რადგან ის და მარვინ პიერინგერი მოედანზე ერთმანეთს უკეთ უგებდნენ, ერთმანეთს ავსებდნენ, რაც ხვალ არ მოხდება, მაგრამ გვაქვს ალტერნატივები“, - თქვა შმიდტმა.
შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ის „ჰაიდენჰაიმს“ „კარლსრუედან“ იანვარში შეუერთდა. 31 წლის ქართველ ფორვარდს სავარაუდოდ, ორი-სამი კვირის განმავლობაში მოუწევს უქმობა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში 27 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში, ხოლო „ლევერკუზენს“ 5 აპრილს, თბილისის დროით 17:30 საათზე საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.