ფეხბურთი

19:10 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენი" დამარცხდა, დავითაშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა ვერ გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ „ლანსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

მატჩის ბედი გუდინ კოიალიპუმ გადაწყვიტა, რომელმაც 75-ე წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი.

არადა, „სენტ ეტიენს“ შეეძლო არ წაეგო, მეტიც მოეგო, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. დავითაშვილსაც ჰქონდა საგოლე შანსები. მთავარი მომენტი სტუმრებს 45-ე წუთზე ჰქონდათ: ზურიკო მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და პენალტი მოიპოვა, თუმცა, მას ბურთი ირვინ კარდონამ არ დაუთმო, რომელმაც პენალტი საშინლად დაარტყა და მეკარემ ადვილად აჯობა. აქვე, შეგვიძლია ვახსენოთ, რომ მიმდინარე სეზონში დავითაშვილს ორიდან ორი პენალტი აქვს გატანილი, თუმცა, ამჯერად თანაგუნდელმა არ დაანება დარტყმა...

ქართველი შემტევი 68-ე წუთზე შეცვალეს. ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.

„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში, მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, „ბრესტს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090726