„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, შანსი თანაბარია და პსჟ ფავორიტი არ არის. ლუის ენრიკემ კარგად იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 90 წუთის განმავლობაში გუნდმა კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნოს და წამითაც არ მოდუნდეს.
„ვფიქრობ, ფავორიტი არ არსებობს. „ლივერპულის“ წინააღმდეგ ყველამ თქვა, რომ შანსი არ გვქონდა. უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად.
საბოლოო ჯამში ყველა მწვრთნელს აქვს გუნდის მართვის საკუთარი სტილი და გზა. უნარი ემერი ფეხბურთელებთან მუშაობის ექსპერტია. ვფიქრობ, ის თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიას კარგად იცნობს. ჩვენ მეგობრები ვართ, მას შესანიშნავი კარიერა აქვს და „ასტონ ვილა“ ემერის დროს გაუმჯობესდა.
მე ვიტყოდი, რომ ჩვენი გუნდები ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ბევრი მრავალმხრივი ფეხბურთელი ჰყავს. ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ ითამაშებს, მითუმეტეს, „ასტონ ვილა“ იანვარში ძალიან გაძლიერდა. მათ თამაშის განსხვავებული სტილი აქვთ. ორივე გუნდისთვის ძალიან რთული ორი მატჩი იქნება, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს.
მიხარია, რომ ასენსიოს თამაში შეუძლია. მან აქ ვერ მიიღო ის სათამაშო დრო, რაც სურდა, ჰქონდა ბირმინგემში წასვლის შესაძლებლობა. კარგია, რომ ის ითამაშებს. მასთან ესპანეთის ნაკრებშიც ვმუშაობდი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო.
მარკინიოსის არყოფნა არაფერს ცვლის, ის გასახდელში გუნდთან ერთად იქნება და ისე დაგვეხმარება, როგორც ამჯერად შეეძლება. ვფიქრობ, გავაგრძელებთ პსჟ-ს შესანიშნავი ვერსიის ხილვას, ვითამაშებთ იმავე გზით, შესაძლოა, უფრო ინტენსიურადაც. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის, უნდა ნახოთ, ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ როგორ ვარჯიშობენ. ეს დადებითი ენერგია, რომელიც არსებობს, უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარი ემოციების კონტროლი იქნება.
100 მატჩი პსჟ-ში? ამის შესახებ არ ვიცოდი, დღეს მითხრეს. ეს უბრალოდ რიცხვებია, მეტი არაფერი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა საამაყოა. იმედი მაქვს, რომ კიდევ 100 მატჩი მექნება.
„ასტონ ვილა“ სივრცეებს კარგად იყენებს, კონტრშეტევებზე ძლიერია. ამიტომ, დაცვაში ყურადღებით თამაში მოგვიწევს. ვნახავთ ორ გუნდს თავიანთი მახასიათებლებით. იმედია, გახსნილ მატჩს ვიხილავთ. მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის მენტალური სიძლიერის გადაცემა. იქნება წაგებებიც, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩემპიონთა ლიგა მოდუნების საშუალებას არ იძლევა, ნახევარფინალში ვერ გახვალ, თუ 90 წუთი უმაღლეს დონეზე არ ითამაშებ. ვინც ხვალ მოედანზე გავა, ყველა კონცენტრირებული იქნება, ვინც შეცვლაზე შევა, ასევე, ისინიც, ვისაც თამაში არ მოუწევთ, ეს არის გუნდის ძალა - ყველანი მზად ვიქნებით“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩი 9 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.