მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს და წყვილში ფავორიტად იქცნენ, მაგრამ ინძაგი ფიქრობს, რომ პირველი მატჩის შედეგი უნდა დაივიწყონ:
„დაძაბულობაზე მეტად, საამაყოა ის, თუ როგორ ვითარდება ჩვენთვის სეზონი. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება. მიუნხენური შედეგი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ თამაში არა. ვიცით მეტოქის შესაძლებლობები და შესანიშნავად უნდა ვითამაშოთ. პირველ მატჩში ზოგიერთ მომენტში შეგვეძლო უფრო აგრესიულად გვეთამაშა უბურთოდ. „ბაიერნი“ „რეალთან“ ერთად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, შესაბამისად, მიუნხენში გამარჯვებამ ჩვენი თავდაჯერება გააძლიერა.
ვიცით, რომ ძალიან დამღლელი სეზონია, მაგრამ ყოველ 3-4 დღეში თამაშიც გვეხმარება. ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგამ დიდი ენერგია წაგვართვა. გასულ სეზონში მერვედფინალში კვალიფიცირება 8 ნოემბერს შევძელით, ამ სეზონში იანვარში, თუმცა დიდი კმაყოფილებაა და ასე უნდა გავაგრძელოთ.
გვქონდა ტრავმების გამო სირთულეები, თუმცა ეს საბაბი არ არის, ყველა გუნდს აქვს ასეთი პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგა უფრო ინტენსიური იყო, ვიდრე მანამდე“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.