მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „რეალს“ ყველა რესურსი აქვს, რომ სტუმრად 0:3 წაგების მიუხედავად, სიტუაცია შეცვალოს და ნახევარფინალში გავიდეს.
„არ არის მოცემულობა, რომ ქამბექს აუცილებლად მოვახერხებთ, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით. გონებით და გულით უნდა ვითამაშოთ. ფანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ხვალ საუკეთესო თამაში გვჭირდება, რადგან მდგომარეობა ძალიან რთულია. მენტალურად კარგად ვართ, არ დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ცივი გონების შენარჩუნება, რადგან თამაშის კონტროლი მოგვიწევს.
მადრიდის „რეალს“ აქვს ყველა რესურსი, რომ ყველაფერი შეცვალოს: ხარისხი, დამოკიდებულება, გამოცდილება, გულშემატკივრები... რესურსი არსებობს, ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ინდივიდუალურ დონეზე ყველამ შეძლოს თავისი საუკეთესო ვერსიის ჩვენება. გასულ წლებშიც ამბობდნენ, რომ სანახაობრივ ფეხბურთს არ ვთამაშობდით, შეიძლება მართალია, მაგრამ მადრიდის „რეალს“ სანახაობრივ ფეხბურთზე მეტად, შედეგის მომტანი ფეხბურთის ჩვენება სურს.
ამ თამაშის შედეგი ჩემს მომავალზე გავლენას იქონიებს? პირდაპირ გიპასუხებთ - არა მგონია. კონცენტრირებული ვარ ხვალინდელ თამაშზე, ეს ჩემთვის პირველი მსგავსი თამაში არ არის და იმედია, არც უკანასკნელი იქნება.
ხვალინდელი თამაშისთვის არაფერს განსაკუთრებულს არ ვამზადებთ, ცხადია, ვეცდებით ინტენსიური თამაშის ჩატარებას, მეტი პრესინგით და კონტროლით, ვიდრე ეს ლონდონში შევძელით, მაგრამ მაგიას არ ელოდოთ, მაგია არ არსებობს.
„არსენალი“ ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. ის არ არის ყველაზე გამოცდილი, მაგრამ ძალიან მკაფიო წარმოდგენა აქვს როგორც დაცვაზე, ასევე შეტევაზე. ისინი ძალიან კონცენტრირებულნი არიან იმაზე, რაც უნდა გააკეთონ.
არა მგონია, სწრაფი გოლი გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწრაფი გოლის გატანა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კარგად ვაკონტროლოთ თამაში და თავიდანვე მაქსიმუმი გავაკეთოთ. როცა თამაშს კარგად აკონტროლებ, ნებისმიერ დროს შეგიძლია გოლი გაიტანო“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „არსენალის“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.