„პარი სენ-ჟერმენს“ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ბევრი ნერვიულობა მოუწია, ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მიზანი მაინც მიღწეულია - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლუის ენრიკეს გუნდი ითამაშებს.
მატჩი საოცარი და შესანიშნავი სანახავი გამოდგა. პსჟ-მ პარიზში 3:1 კი მოიგო და მეტოქეს მაგრადაც აჯობა, მაგრამ „ვილა პარკზე“ თამაში სხვაგვარი რომ იქნებოდა, ადვილი მისახვედრი იყო.
თუმცა, პარიზელებისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო. მე-11 წუთზე ემილიანო მარტინესის შეცდომით აშრაფ ჰაკიმიმ გამოიყენა და ანგარიში გახსნა, ორი მატჩის ჯამში კი, სხვაობა სულაც გაზარდა. უნაი ემერის გუნდს ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა 28-ე წუთზე პსჟ-მ მეორე გოლი გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას დაწყებული შესანიშნავი შეტევა გოლით ნუნუ მენდეშმა დაასრულა - 0:2 მატჩში და ორი შეხვედრის ჯამში 1:5...
თითქოს, ყველანაირი ინტრიგა მოკვდა, „ასტონ ვილას“ აღარ უნდა ჰქონოდა ძალა სიტუაციის დასაძაბად, მაგრამ ინგლისური კლუბი არ გატყდა. ასე რომ იქნებოდა, პირველი ტაიმის მიწურულს გამოჩნდა, როცა იური ტილემანსმა სხვაობა შეამცირა. მეორე ნახევრის სტარტი კი, პსჟ-სთვის კოშმარული იყო, „ასტონ ვილას“ სწრაფ ფეხბურთს ფრანგულმა გუნდმა ალღო ვერ აუღო და ჯერ ჯონ მაკგინიმ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმამ საოცარი სეივით იხსნა თავისი გუნდი, როცა მარკუს რაშფორდს აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. თუმცა, სწორედ ამ კუთხურიდან მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. ფლანგზე რაშფორდმა ითამაშა დიდებულად და საჯარიმოში მარტო მყოფი ეზრი კონსა მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა: 57-ე წუთისთვის 3:2! ეს ნიშნავდა, რომ „ასტონ ვილას“ უკვე ერთადერთი გოლი სჭირდებოდა ორი მატჩის ჯამში გასათანაბრებლად, დრო საკმარისი ჰქონდა. მალევე დონარუმამ კიდევ ერთი ზღაპრული მოგერიება მიითვალა და პსჟ იხსნა.
ამის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ როგორღაც მოახერხა თამაშში დაბრუნება, გამოფხიზლება, თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, მეტოქის ემოციების ჩაცხრობა და თამაშის დამშვიდება. საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე, პსჟ ვილიამ პაჩომ იხსნა, რომელმაც იან მაატსენის დარტყმის შემდეგ უთუოდ კარში მიმავალი ბურთი დაბლოკა...
საბოლოოდ, „პარი სენ-ჟერმენმა“ 2:3 წააგო, მაგრამ ეს სასურველი ანგარიში იყო, ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა და ნახევარფინალშია, სადაც მადრიდის „რეალს“ ან ლონდონის „არსენალს“ შეხვდება. ნახევარფინალური მატჩები 29-30 აპრილს და 6-7 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 6 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.
„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 3:2 (1:2) - ორი მატჩის ჯამში: 4:5
ბირმინგემი, „ვილა პარკი“
„ასტონ ვილა“ (4-2-3-1): მარტინესი; კეში, კონსა, ტორესი, დინი (მაატსენი 76); ონანა (რემზი 67), კამარა; მაკგინი (ასენსიო 66), ტილემანსი (ბარკლი 88), როჯერსი; რაშფორდი (უოტკინსი 76)
მწვრთნელი: უნაი ემერი
„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, მენდეში; ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; ბარკოლა (დუე 61), დემბელე, კვარაცხელია
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 ჰაკიმი (11), 0:2 მენდეში (28), 1:2 ტილემანსი (35), 2:2 მაკგინი (55), 3:2 კონსა (57)
გაფრთხილება: მაკგინი (42)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 14 (7) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:5
მსაჯი: ხოსე მარია სანჩესი (ესპანეთი)