ფეხბურთი

1:04 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ "ბარსელონა" 2019 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალშია

„დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში ბოლომდე და ძალიან ბევრი იბრძოლა „ბარსელონას“ წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ, მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

ერთი ეგაა, ნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგას ნამდვილად თავაწეული და ღირსეულად დაემშვიდობა. ერთი კვირის წინ ბარსელონაში 0:4 განადგურების შემდეგ გერმანელთა შანსი მიზერული იყო, მით უფრო, ჰანსი ფლიკის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია.

თუმცა, „სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდი“ სხვა გუნდია, სადაც არასდროს ნებდება. დიდებული იყო სერჰუ გირასი, რომელიც ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა, მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. გირასიმ მატჩის სტარტზე გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა ორამდე გაზარდა და გერმანელთა იმედები გააცოცხლა. თუმცა, მალევე, ბენსაბაინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და „ბარსელონას“ ამ გოლით ინტრიგა ისევ დაიკარგა. მართალია, მერე გირასიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ცხადი იყო, რომ „ბარსა“ კიდევ ორ გოლს არ გაუშვებდა. სხვათა შორის, გირასიმ ორი რეკორდი დაამყარა: ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია აფრიკელებს შორის და არც „დორტმუნდის“ ფეხბურთელებს შორის.

"ბარსელონა" ვოიცეხ შჩესნის აუცილებლად უნდა უმადლოდეს, რომელმაც სამი გოლის გაშვების მიუხედავად, დიდებულად ითამაშა, 8 დარტყმა მოიგერია და იმაში, რომ მისი გუნდი მხოლოდ სასურველი ანგარიშით დამარცხდა, მთავარი წვლილი შეიტანა.

„დორტმუნდმა“ თამაში 3:1 მოიგო, თუმცა, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება „ბარსელონამ“ მოიპოვა - 5:3. „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2018-2019 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა, სადაც „ბაიერნს“ ან „ინტერს“ შეხვდება.

„დორტმუნდი“ – „ბარსელონა“ 3:1 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:5

გოლები: 1:0 გირასი (11, პენ), 2:0 გირასი (49), 2:1 ბენსაბაინი (54, ა.გ), 3:1 გირასი (76)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091192