სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.
მან მაგალითიც გაიხსენა, რომელიც „ინტერში“ მუშაობის პერიოდში სამუელ ეტო’ოსთან გადახდა:
„ათასამდე ფეხბურთელი მყოლია და ყველას ინდივიდუალურად ვუდგებოდი. ერთი მაგალითი მაქვს ისეთი ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელისგან, როგორი ეტო’ო იყო. „ინტერთან“ ერთად „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვაჯობეთ და მან „სტემფორდ ბრიჯზე“ გამარჯვების გოლი გაიტანა, შესანიშნავად ითამაშა.
წინა კვირაში სამეულს ყოველდღე ვესაუბრებოდი. ვეუბნებოდი, რომ არ ითამაშებდა, რომ არ იყო თავის დონეზე და არ ვათამაშებდი, ის კი, მემუდარებოდა: „მისტერ, გთხოვ მათამაშე!“, მე ვუმეორებდი, რომ არ ვათამაშებდი, რადგან მისი არ მჯეროდა. ეს მასთან მენტალური სამუშაო იყო, ვიცოდი, რომ ისეთი რეაქცია ექნებოდა, როგორიც ჰქონდა. საბოლოოდ, მოედანზე გავიდა და შესანიშნავად ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოვიგე, ეს ყველამ იცის, „პორტუსა“ და „ინტერთან“ ერთად. ვინ იყო მწვრთნელი? მოურინიო - ყველამ იცის. ეს ისტორიაა. ჩემპიონთა ლიგის მოგება უკვდავს გხდის, ყოველთვის იმ კლუბის ლეგენდა იქნები, რომელსაც ეს ტურნირი მოაგებინე“, - თქვა მოურინიომ.