ჩემპიონთა ლიგის „არსენალთან“ საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში (1:2), მადრიდის „რეალის" თავდამსხმელს კილიან მბაპეს მარჯვენა ტერფი მცირედით დაეჭიმა, ამის შესახებ COPE-ის ჟურნალისტმა მიგელ ანხელ დიასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
წყაროს ცნობით, დღეს ფრანგი სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, სადაც ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები დადგინდება. ამ დროისთვის აღნიშნულია, რომ მბაპემ, სავარაუდოდ არ უნდა გამოტოვოს ესპანეთის თასის ფინალი, რომელშიც 26 აპრილს „რეალი“ „ბარსელონას" დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 73-ე წუთზე მბაპე მეტოქის მოედნის ნახევარზე „მეთოფეების" ნახევარმცველ დეკლან რაისს ეუხეშა. თუმცა, შეჯახების შემდეგ თავად ფრანგი დაშავდა, რის შემდეგაც ის მაროკოელმა ბრაჰიმ დიასმა შეცვალა.
კილიან მბაპე მადრიდის „რეალს" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 33 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.