ფეხბურთი

21:29 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "მიქაუტაძეს ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაში შეუძლია"

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძეს ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაში შეუძლია.

მან ნიდერლანდურ მედიასთან ისაუბრა, თუ რატომ ვერ ითამაშა მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსში“ ისეთ დონეზე, რა დონეზეც ამჟამად თამაშობს.

„შესაძლოა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო ან იმიტომ, რომ პირველად თამაშობდა სხვა ქვეყანაში“, - თქვა ფონსეკამ Ziggo Sport-ის კამერის წინ. „იქ ფეხბურთის თამაშის განსხვავებული სტილი და განსხვავებული მენტალიტეტია. შესაძლოა, ეს მიზეზები იყოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი“.

ფონსეკა „ლიონში“ მიქაუტაძის თამაშით ძალიან კმაყოფილია“ „ის აქ ძალიან კარგად თამაშობს, ის ბევრს იტანს და გუნდისთვის ძალიან ბევრს შრომობს. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის შესანიშნავი პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანია“.

„მე მჯერა, რომ მას შეუძლია ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაში, რადგან ის სხვა ტიპის თავდამსხმელია“, - განაგრძო ფონსეკამ. „ძალიან რთულია მისი თვისებების მქონე თავდამსხმელის პოვნა. იმედი მაქვს, რომ ის „ლიონში“ რამდენიმე წელი დარჩება, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ რამდენიმე წელიწადში ევროპის საუკეთესო კლუბებში ითამაშებს“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 41 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 9-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 29 მატჩი, 9 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 10 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162054