შესაძლოა, სეზონის საუკეთესო თამაში იყო, შესაძლოა, ევროპა ლიგის ისტორიაში საუკეთესო, როგორც მინიმუმ დრამატიზმით - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლიონთან“ საოცარ დაპირისპირებაში, დამატებით დროში 5:4 მოიგო და ნახევარფინალშია.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლიონში 2:2 დასრულდა. „ოლდ ტრაფორდზე“ პირველივე ტაიმში მანუელ უგარტესა და დიოგო დალოს გოლებით ინგლისელები 2:0 დაწინაურდნენ და თითქოს, ყველაფერი გადაწყდა.
ისიც ვთქვათ, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, 64-ე წუთზე შეცვალეს, როცა პაულუ ფონსეკას გუნდი 0:2 მარცხდებოდა. თუმცა, ფრანგებმა მალევე შეცვალეს სიტუაცია:
71-ე წუთზე კორენტინ ტოლისომ შეამცირა სხვაობა, ხოლო 7 წუთში ნიკოლას ტალიაფიკომ სულაც გაათანაბრა - 2:2 და სრული თანაფარდობა ორი მატჩის ჯამშიც. 89-ე წუთზე „ლიონს“ ტოლისო გაუძევეს, რამაც ცხადია, სტუმართა მდგომარეობა დაამძიმა.
თუმცა, დამატებითი დრო დრამატული გამოდგა, წარმოუდგენელიც, დაუჯერებელიც...
105-ე წუთზე რაიან შერკიმ შესანიშნავი გოლით ფონსეკას გუნდი დააწინაურა! 10-კაციანი „ლიონი“ წინ გავიდა და 15 წუთი გასაძლები. თუმცა, გასაძლებიც არაფერი სჭირდა, რადგან დამატებით დროში „მანჩესტერს“ კარისკენ დარტყმაც არ ჰქონდა 20 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო 110-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტი გაიტანა და ანგარიში 2:4 გახადა! 10 წუთი რჩებოდა...
შემდეგ მოხდა ის, რაც ალბათ, მხოლოდ „მანჩესტერს“ შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი „მანჩესტერია“, ცუდი, კარგი, უბრალოდ შეუძლია ამის გაკეთება და მორჩა. „წითელმა ეშმაკებმა“ 114-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშის გოლით სხვაობა შეამცირეს, 120-ე წუთზე კობი მეინომ გაათანაბრა და ახლა „ლიონი“ პენალტებზეც თანახმა იყო, მაგრამ „მანჩესტერი“ - არა... 121-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა გაიტანა გამარჯვების გოლი.
მოკლედ, თამაშის მოკლე სცენარი: 2:0, 2:4, 5:4... დაუჯერებელი რა მოხდა „ოლდ ტრაფორდზე“. "ლიონი" გავარდა ევროპა ლიგიდან, ტიტულის შანსი დაკარგა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის შანსი ახლა მხოლოდ ლიგა 1-დან ექნება. ერთიც უნდა ითქვას, ფონსეკა ალბათ ძალიან შეცდა, როცა 106-ე წუთზე რაიან შერკი მოედნიდან გაიყვანა.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 9-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 29 მატჩი, 9 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
ევროპა ლიგის კიდევ ერთი მეოთხედფინალური მატჩი იყო პარალელურად: „ლაციომ“ „ბოდო გლიმტთან“ სტუმრად 0:2 წაგების ამოქაჩვა შეძლო, შინ ძირითად დროში, 2:0, დამატებითი დროის ჩათვლით 3:1 მოიგო, მაგრამ პენალტების სერიაში 2:3 დამარცხდა. პატარა ნორვეგიული კლუბი „ბოდო გლიმტი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალშია...
ნახევარფინალები 1-8 მაისს გაიმართება: „ტოტენჰემი“ „ბოდო გლიმტს“ და „მანჩესტერი“ – „ბილბაოს“ შეხვდება.
"მანჩესტერი" - "ლიონი" 5:4 დ.დ (2:0)
გოლები: 1:0 უგარტე (10), 2:0 დალო (45), 2:1 ტოლისო (71), 2:2 ტალიაფიკო (78), 2:3 შერკი (105), 2:4 ლაკაზეტი (110, პენ), 3:4 ბრუნო ფერნანდეში (114, პენ), 4:4 მეინო (120), 5:4 მაგუაირი (121)
„ლაციო“ – „ბოდო გლიმტი“ 3:1 პენ: 2:3 (1:0)
გოლები: 1:0 კასტელანოსი (21), 2:0 ნოსლინი (90), 3:0 დია (100), 3:1 ჰელმერსენი (109)