საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში პსჟ-მ „ლე ავრს“ უმასპინძლა, უკვე ჩემპიონის რანგში. ამიტომაც იყო, რომ ლუის ენრიკემ შემადგენლობაში როტაციას მიმართა, ხვიჩა კვარაცხელიაც არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ 77-ე წუთიდან ითამაშა.
პარიზელებმა 2:1 მოიგეს დეზირე დუესა და გონსალო რამოშის გოლებით, რასაც სტუმრებმა პრესტიჟის გოლით უპასუხეს. როგორც ვთქვით, ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, ქართველის აქტივში 11 მატჩში ორი გოლი და სამი საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენი“ 77 ქულით პირველ ადგილზეა, ისევ დაუმარცხებელია, ხოლო მომდევნო მატჩს 22 აპრილს, „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.