ფეხბურთი

1:29 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "გუნდში ბევრი ფეხბურთელისთვის მეორე მამის როლიც მაქვს"

„პარი სენ-ჟერმენი“ დღეს ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ მატჩში სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდება. მატჩამდე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, გვჭირდება მინიმუმ 16, 18 ან თუნდაც 20 მოთამაშე. ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ისინი ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის მაქსიმალურად ეფექტური გზა. ამ თვალსაზრისით, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც მყავს.

როტაციას როგორ ვაკეთებ? ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. უნდა გვქონდეს ფართო ხედვა, ვაფასებთ თითოეული მოთამაშის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. ძალზე მნიშვნელოვანია დატვირთვის მართვა, განსაკუთრებით გუნდში, რომელიც ძალიან ბევრს თამაშობს. ბევრი ვარიაციაა გასათვალისწინებელი და ვცდილობთ ვმართოთ. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვაკეთებთ ამას აქამდე.

ჩემი შვილები უორენზე, სენიზე, დეზირეზე და ჩვენს ნებისმიერ ახალგაზრდა ფეხბურთელზე უფროსები არიან. შესაძლოა, ზოგიერთისთვის მეორე მამის როლი მაქვს. ასე რომ, ჩემს ქცევას ვარგებ იმის მიხედვით, რაც თითოეულ მოთამაშეს სჭირდება. თუ ჩახუტება სჭირდებათ, ვაკეთებ, თუ რჩევა სჭირდებათ, რჩევას ვაძლევ.

ვიცი, რომ ანტუან კომბუარე აქ მნიშვნელოვანი ადამიანია. რთული მატჩი იქნება, მაგრამ გვაქვს დიდი მოტივაცია, რადგან შეგვიძლია გავხდეთ პირველი გუნდი ევროპის ტოპ ხუთეულში, რომელმაც ამდენი გასვლითი მატჩი წაუგებლად გაიარა. ვიცით მატჩის სირთულეები ნანტში, მათ სტადიონზე. მათი სატურნირო მდგომარეობის გამო, ისინიც ძალიან მოტივირებულები იქნებიან.

ნუნუ მენდეში მოიერიშე თვითმფრინავია: შეტევაში, დაცვაში... მიყვარს ეს ფეხბურთელი და მისი მენტალიტეტი. არ აქვს მნიშვნელობა თამაშს, ის ყოველთვის 100%-ით იხარჯება. ის უნიკალური მოთამაშეა. მას შეუძლია გოლის გატანა, პასის გაკეთება, დაცვა, შესანიშნავად თამაშობს.

„არსენალთან“ მატჩებს ისე მოვამზადებთ, როგორც „ლივერპულის“ წინააღმდეგ. „არსენალს“ სტანდარტულებზე სულ მცირე იმდენი ან მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე „ლივერპულს“. ფრანგული გუნდებიც კარგები არიან ამ ასპექტში. მათ შორის, ჩვენც“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ორი ტურის წინ გახდა, ახლა კი, მიზანია, რომ ლიგა 1 დაუმარცხებლად დაასრულოს. „ნანტი“ - პსჟ-ს მატჩი 22 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095031