პოლონეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ სტუმრად „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა მცველმა გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ გუნდში გამორჩეული იყო.
კაკაბაძე 70-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და ერთი შეხებით ჩინებული გოლი გაიტანა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). თუმცა, შემდეგ მისმა გუნდმა გაუშვა და მარცხი განიცადა.
ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასდა და ის პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ოთარ კაკაბაძეს ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა, ერთხელ საგოლე პასიც მიითვალა. „კრაკოვია“ 42 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 აპრილს, „მოტორს“ ესტუმრება.