იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „პარმასთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის საკითხი კიდევ უფრო გაირთულა.
ტიაგო მოტა იგორ ტუდორმა შეცვალა, მაგრამ „იუვეს“ პრობლემები უცვლელია - ეს გუნდი ფეხბურთს უბრალოდ ვერ თამაშობს.
აუტსაიდერ „პარმასთან“ მარცხი დამსახურებულია, ტურინელებს რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონიათ. პარმეზანელებმა პირველივე ტაიმის მიწურულს გაიტანეს ერთადერთი გოლი და მერე უპირატესობა შეინარჩუნეს.
„იუვენტუსი“, რომელიც ამ ტურამდე მეოთხე იყო, ახლა 59 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს „ლაციოსთან“ ერთად და ერთი ქულით ჩამორჩა „ბოლონიას“. უკან, ძალიან ახლოს ჰყავს „რომა“ 57 ქულით და „ფიორენტინა“ 56 ქულით. „ბიანკონერი“ მომდევნო ტურში ბოლოადგილოსან „მონცას“ უმასპინძლებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მაგრად უნდა გაუჭირდეს, რადგან მერე მძიმე კალენდარი აქვს, ზედიზედ ორი გასვლა კონკურენტების, „ბოლონიას“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ, რომლებიც გაცილებით კარგ ფორმაში არიან.
„პარმამ“ 31 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას უკვე 6 ქულით დასცილდა.