საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი" ამ ზაფხულს „ნაპოლის" თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენას აპირებს, რომელიც ამჟამად „გალათასარაიში" იჯარით თამაშობს. ამის შესახებ Goal.com ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, საუდური კლუბი მიზნად ისახავდა „ლივერპულის“ თავდამსხმელის მოჰამედ სალაჰის გადაბირებას, მაგრამ ეგვიპტელმა უარყო „ალ-ჰილალის“ შეთავაზება და მერსისაიდელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ახლა საუდური კლუბი ეძებს ახალ ვარსკვლავურ თავდამსხმელს, რათა გააძლიეროს გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წინ. ჟურნალისტის თქმით, „ალ-ჰილალი“ აპირებს ოსიმენის შეძენას, რომელიც „გახსნილია" ტრანსფერისთვის.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტში გათავისუფლების პუნქტი 75 მილიონი ევროა.