„ნაპოლის“ თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის გადაბირება „ალ-ჰილალს“ სურს. ნიგერიელი ამჟამად იჯარით „გალათასარაიშია“, მაგრამ ზაფხულში ალბათ, სხვა კლუბში გადავა.
თურქებს სურთ მისი შენარჩუნება, მაგრამ კონკურენცია დიდია: „მანჩესტერ იუნაიტედიც“ დაინტერესებულია 26 წლის ფორვარდით.
„ალ-ჰილალის“ მიზანია, რომ ოსიმენი ივნისის დასაწყისში დაიმატოს, მანამ, სანამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა „გალათასარაის“ რიგებში 35 მატჩში 30 გოლი გაიტანა. „ნაპოლიში“ მისი დარჩენა გამორიცხულია, კლუბის მესვეურებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ ოსიმენს ზაფხულში გაყიდიან.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი 75 მილიონი ევროა, თუმცა, ეს ფასი მხოლოდ არაიტალიურ კლუბებზე ვრცელდება. იტალიურ კლუბებს გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ, რაც თითქმის წარმოუდგენელია.