რა არის ბარეტის საყლაპავი?
ბარეტის საყლაპავი დაავადებაა, რომლის დროსაც საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ნორმალური ბრტყელი ამომფენი ეპითელიუმის ჩანაცვლება ნაწლავური ტიპის ცილინდრული ამომფენი ეპითელიუმით ხდება. ამის მიზეზი კი, უმეტესად, კუჭის მჟავა სეკრეტების განმეორებითი ზემოქმედებაა საყლაპავის ლორწოვან გარსზე. ეს იწვევს მილის ლორწოვანი გარსის გასქელებასა და გადაგვარებას. დაავადების განვითარებას წინ უძღვის ქრონიკული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ). ეს დაავადება პირველად მე-16 საუკუნეში აღწერა ინგლისელმა ქირურგმა, ნორმან ბარეტმა, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
ბარეტის საყლაპავი ასოცირებულია საყლაპავის კიბოს გაზრდილ რისკთან, სწორედ ამიტომ, აუცილებელია გერდის მქონე პაციენტების რეგულარული ვიზიტი გასტროენტეროლოგთან.
რამდენად ხშირია ბარეტის საყლაპავის შემთხვევები?
ბარეტის საყლაპავის განვითარება ქრონიკული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ან უბრალოდ ეზოფაგიტის მქონე ადამიანთა 5%-ში ფიქსირდება. დაავადების შემთხვევები უფრო ხშირია ამერიკაში, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერდის მქონე ყველა პაციენტს არ უვითარდება ბარეტის საყლაპავი და ბარეტის საყლაპავით დაავადებულ თითოეულ ადამიანს არ აქვს გასტროეზოფაგური რეფლექს დაავადება. თუმცა ცალსახაა, რომ გერდი არის ამ დაავადების განვითარების ძირითადი რისკფაქტორი.
დადასტურებულია, რომ ბარეტი უფრო მეტად გვხვდება კავკასიელ მამაკაცებში და დაავადების გამოვლენის საშუალო ასაკი 60-70 წელია.
რა იწვევს ბარეტის საყლაპავს?
ზუსტი მიზეზის დადგენა მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს, თუმცა ერთი რამ ცხადია - გერდის გრძელვადიანი მიმდინარეობა ბარეტისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. გერდის განვითარების მიზეზი კი საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული კუნთოვანი რგოლის, ანუ სპინქტერის დახურვის პრობლემაა. სპინქტერს ერთგვარი ჩამკეტი ფუნქცია აქვს, რისი წყალობითაც კუჭის შიგთავსი არ ხვდება საყლაპავში. მისი დაუხურაობის დროს ქრონიკულად მჟავე სეკრეტის ზემოქმედება საყლაპავზე იწვევს ერთი უჯრედის ჩანაცვლებას მეორეთი. ამ ფენომენს სამედიცინო ენაზე მეტაპლაზია ეწოდება.
რომლებია ბარეტის საყლაპავის განვითარების რისკფაქტორები?
- გენეტიკური ფაქტორები;
- მამრობითი სქესი;
- თეთრკანიანთა პოპულაცია;
- ასაკი. ბარეტის საყლაპავი უფრო ხშირად გვხვდება 50 წელზე მეტი ასაკის პირებში;
- ქრონიკული გულძმარვა, რომელიც არ იხსნება ისეთი მედიკამენტების მიღებით როგორიცაა პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები, მაგ : ომეპრაზოლი
- ჭარბწონიანობა;
- მწეველობა;
- საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი.
როგორ ვლინდება ბარეტის საყლაპავი?
- საყლაპავის სიგრძეზე წვისა და ტკივილის შეგრძნება;
- გულძმარვა;
- ყლაპვის დროს ტკივილის შეგრძნება;
- ყლაპვის გაძნელება;
- ხველა;
- გულისრევა/ღებინება;
- წონის კლება.
როდის მივმართოთ ექიმს?
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას საჭიროა ენდოსკოპიური პროცედურის ჩატარება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ადენოკარცინომის განვითარების ალბათობას. სკრინინგი აუცილებელია ყველა იმ პირისათვის, ვისაც აღენიშნება დაავადების განვითარების რისკფაქტორები და ასევე გულძმარვის მინიმუმ 5-წლიანი ისტორია.
ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
- ყლაპვის გაძნელება;
- ღებინება სისხლის მინარევებით;
- შავი ფერის განავალი;
- წონის აუხსნელად კლება.
როგორ მიმდინარეობს ბარეტის საყლაპავის დიაგნოსტირების პროცესი?
ბარეტის საყლაპავის არსებობის ალბათობა უნდა გამოირიცხოს იმ ადამიანებში, რომლელთაც აწუხებთ ყოველკვირეული სიმპტომები 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და სულ მცირე სამი რისკფაქტორი.
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ენდოსკოპიური მეთოდი და ბიოფსია. ენდოსკოპიური მეთოდი გულისხმობს საყლაპავი მილის დათვალიერებას წვრილი, დრეკადი მილის საშუალებით, რომელიც კამერიანი თავაკით ბოლოვდება. ნორმალურ მდგომარეობაში საყლაპავი გლუვი, ღია ვარდისფერი შეფერილობისაა, ხოლო ბარეტის არსებობისას წითელი და ხავერდოვანი. ეს პროცედურა მცირე დისკომფორტთან ასოცირდება, თუმცა მტკივნეული არ არის. მისი ჩატარება შესაძლებელია ანესთეზიის პირობებშიც.
ბიოფსია გულისხმობს პატარა ქსოვილოვანი მასალის აღებას და მასში სიმსივნური უჯრედების არსებობის გამოკვლევას. მის გარეშე შეუძლებელია დიაგნოზის დაზუსტება. ბიოფსიამ შეიძლება აჩვენოს სიმსივნური უჯრედების არარსებობა, არსებობა ან ნორმალურ ქსოვლთან ერთად სიმსივნურის არსებობაც, რაც დაავადების საწყის სტადიად მიიჩნევა.
როგორ ვმკურნალობთ ბარეტის საყლაპავს?
თუ ბიოფსიამ არ გამოავლინა სიმსივნური უჯრედები, მკურნალობის ტაქტიკა უკვე გულისხმობს გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების მენეჯმენტს, რომელიც ასევე მოიაზრებს ცხოვრების წესის ცვლილებასა და მედიკამენტებს: პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს, ანტაციდებს, ჰისტამინ 2 რეცეპტორის ბლოკატორებს.
თუ ჯანმრთელ უჯრედებთან ერთად ვლინდება სიმსივნური უჯრედები ამ შემთხვევაში საჭიროა რამდენიმე თვეში განმეორებითი ენდოსკოპიური პროცედურა შემდეგ საშუალებებთან ერთად:
- რეზექცია, რაც გულისხმობს სიმსივნური უჯრედების მოკვეთას;
- აბლაცია, ანუ სიმსივნური უჯრედების მოწვა;
- კრიოთერაპია, გულისხმობს საყლაპავის სიმსივნურ უჯრედებზე ჯერ ცხელი ჰაერის ზემოქმედებას, შემდგომ მოყინვას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქსოვილს.
სიმსივნური ქსოვილის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გაკეთდეს სამივე ზემოთ ჩამოთვლილი, ასევე საყლაპავის სიმსივნურად გადაგვარებული ნაწილის მოკვეთა და დარჩენილი წილის დაკავშირება კუჭთან.
მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ცვლილება, რაც მოიაზრებს:
- ისეთ კვებითი პროდუქტების ამოღებას, რაც იწვევს რეფლუქსს, მაგალითად კოფეინი, ალკოჰოლი, მწარე, მჟავე, ცხიმიანი საკვები, შოკოლადი;
- წონის კლებას;
- მაღალ ბალიშზე წოლას;
- კვებას მცირე ულუფებით;
- ფიზიკურ აქტივობას.
მარიამ მთვრალაშვილი
‘’ავერსის კლინიკის’’ გასტროენტეროლოგიის მიმართულების ექიმი-რეზიდენტი
®