UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა BloodyElbow-ის პოდკასტში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თუ ეს ბრძოლა მართლა ჩაინიშნება, გულშემატკივარს დიდი სანახაობა ელოდებათ.
"ილია თოფურიას ძალიან კარგი კრივი აქვს და მის დარტყმებს მოწინააღმდეგეები ვერ უძლებენ და უბრალოდ ეცემიან, თავის მხრივ ისლამ მახაჩევი შესანიშნავი მებრძოლია, რომელსაც ელიტარული გრეპლინგი აქვს. ორივე მებრძოლი გარკვეულ ასპექტებში საუკეთესონი არიან, მათი ბრძოლა საოცარი იქნება. გულშემატკივარს წინ დიდი სანახაობა ელოდება."
ცნობისთვის, ილია თოფურიამ მომდევნო ორთაბრძოლისთვის მოსამზადებელი პერიოდი ოფიციალურად დაიწყო და თუ ცნობილ ჟურნალისტს ალვარო კოლმერენოს დავუჯერებთ ისლამ მახაჩევიც ემზადება მომდევნო ბრძოლისთვის. ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის ბრძოლა UFC 317-ზე 28 ივნისს გაიმართება.