„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
თუმცა, რამდენად არის ჯერ სათამაშოდ მზად და რამდენი ხნით, ეს ალბათ, ცოტა მოგვიანებით გაირკვევა. ბუდუ 29 მარტის შემდეგ იყო ლაზარეთში, როცა „ვოლფსბურგთან“ შეხვედრაში დაშავდა და ზუსტად ერთი თვე გამოტოვა, რომლის განმავლობაში 4 მატჩი გაუცდა.
ბუდუს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ჰაიდენჰაიმს“ სეზონის ფინიშამდე 3 ტურით ადრე 25 ქულით მე-16 ადგილი უკავია, პლეი-აუტის ზონაში და წინ გადამწყვეტი სამი მატჩი ელოდება, მათ შორის, პირველი 2 მაისს, უშუალო კონკურენტ „ბოხუმთან“.