ფეხბურთი

0:56 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას საგოლე პასი და კარგი თამაში: პსჟ-მ ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ყოველ შემთხვევაში, ნახევარფინალის პირველი მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა სტუმრად მოიგო და უპირატესობა ნამდვილად მოიპოვა.

ლონდონში, „ემირეითსზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს 16 წელი ელოდნენ, შესაბამისად, მუხტი ძალიან დიდი იყო, მაგრამ პსჟ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საოცარ ფორმაშია.

პარიზული გუნდი ძალიან სწრაფად, მეოთხე წუთზე დაწინაურდა. სწრაფი შეტევა უსმან დემბელემ წამოიწყო და მანვე დაასრულა ზუსტი დარტყმით. საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიას აქტივშია. ის პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე საგოლე მოქმედება განახორციელა.

პსჟ თამაშს აკონტროლებდა, პირველ ტაიმში მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ დეზირე დუეს დავიდ რაიამ აჯობა. ესპანელმა მეკარემ ხვიჩას ერთი დარტყმაც მოიგერია, თუმცა, ადვილად. „არსენალი“ ტაიმის ბოლოს გამოფხიზლდა და უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ პსჟ-მ თავის კარგად დაცვა მოახერხა.

მეორე ტაიმის სტარტზე მიკელ მერინომ გაიტანა სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ თავური დარტყმით, თუმცა, გოლი გაუქმდა, თამაშგარე იყო. მალევე ფრანგული გუნდი ჯანლუიჯი დონარუმამ იხსნა, რომელმაც ლეანდრო ტროსარს აჯობა - იტალიელი მეკარე უბრალოდ შეუდარებლად გაისარჯა.

მატჩის ბოლოსკენ უფრო მეტად პსჟ-ს შეეძლო გატანა, მაგალითად, ორ ეპიზოდში: ჯერ ბრედლი ბარკოლამ დაარტყა ოდნავ არაზუსტად, შემდეგ გონსალო რამოშმა ხარიხა შეაზანზარა.

საბოლოოდ, „პარი სენ-ჟერმენმა“ 1:0 მოიგო, ეს გადამწყვეტი უპირატესობა არაა, მაგრამ ნათელია, რომ ფინალთან მეტოქეზე უფრო ახლოსაა, ახლა შინ უნდა დაიცვას უპირატესობა. „არსენალიც“ იმსახურებს ქებას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ „მეთოფეებმა“ დიდი დანაკლისით ითამაშეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, საგოლე პასითაც გამოირჩა. ქართველ შემტევს პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 7 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

კიდევ ერთი: ოქტომბერში, ფაზის ეტაპის მეორე ტურში „არსენალმა“ პსჟ 2:0 დაამარცხა, მაგრამ დღევანდელი მატჩის წინ ლუის ენრიკემ თქვა, რომ მას შემდეგ მისი გუნდი გაიზარდა, ხოლო ამ ნახევარფინალურმა დაპირისპირებამ ესპანელის სიტყვები დაადასტურა. პსჟ-მ "არსენალი" ევროთასებზე ისტორიაში პირველად დაამარცხა.

საპასუხო მატჩი 7 მაისს, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და ფინალისტიც იქ გაირკვევა.

„არსენალი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:1 (0:1)

ლონდონი, „ემირეითს სთედიუმი“

„არსენალი“ (4-3-3): რაია; ტიმბერი (ვაითი 83), სალიბა, კივიორი, ლუის-სკელი; ოდეგორი (ნვანერი 90), რაისი, მერინო; საკა, ტროსარი, მარტინელი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ნევეში (ზაირ-ემერი 89), ვიტინია, ფაბიან რუისი; დუე (რამოში 76), დემბელე (ბარკოლა 70), კვარაცხელია

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: 0:1 დემბელე (4)

გაფრთხილება: ტროსარი (10), საკა (43) - ჰაკიმი (44), ნევეში (46)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

0.174657