ფეხბურთი

2:15 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "ზოგჯერ საჭიროა აღიარო მეტოქის ინდივიდუალური ოსტატობა, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტს იმსახურებდნენ და არ გაუმართლათ.

ესპანელი არ კარგავს იმედს, რომ მისი გუნდი ფინალში გასვლას მაინც მოახერხებს:

„შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ყველაფერი გავიღეთ, საწყისი 10-15 წუთი გაგვიჭირდა ტემპის პოვნა და დომინაცია. დასანანია, რომ მინიმუმ ფრეს მაინც ვერ მივაღწიეთ. პსჟ-ს გოლი? ასეთი საფრთხე მათგან ყოველთვის მოსალოდნელია, ეს მათი დამსახურებაა. მოახერხეს რთული სიტუაციიდან გამოსვლა, ბურთის უკან 7 ფეხბურთელი გვყავდა და მათ ძალიან ზუსტად იმოქმედეს, ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა ინდივიდუალური ტალანტის აღიარება.

მერინოს გოლზე თამაშგარე მილიმეტრებით იყო, მარტინელის და ტროსარს კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ დონარუმამ შესანიშნავად ითამაშა. ტომას პარტეი გვაკლდა, ის გვაძლევს ვარიანტებს, მოქნილობას, რომ თამაში შევცვალოთ. ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა, ფინალში გასვლის დიდი შანსი ისევ გვაქვს. დღეს უფრო მეტს ვიმსახურებდით, პარიზში უნდა წავიდეთ და მოვიგოთ, სხვადასხვა ასპექტში გაუმჯობესებას ვეცდებით. შანსი 50-50%-ზეა. თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა გსურს, მაშინ რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო... შესაბამისად, პარიზში რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი პარიზში 7 მაისს გაიმართება. პსჟ 19 შემთხვევიდან 18-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა, როცა ევროთასის პლეი-ოფში პირველი მატჩი სტუმრად მოიგო. გამონაკლისია 2019 წელს „მანჩესტერთან“ მარცხი (2:0, 1:3).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095877