„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ლონდონში „არსენალთან“ 1:0 მოიგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
სტატისტიკა და ისტორია პსჟ-ს მხარეზეა: ევროთასებზე აქამდე 19 შემთხვევიდან 18-ჯერ პარიზულმა გუნდმა მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა, როცა პირველი თამაში სტუმრად მოიგო. ბოლოს ეს მოახერხა მიმდინარე სეზონში 1/16-ფინალში, „ბრესტის“ წინააღმდეგ, რომელსაც გასვლაზე 3:0 აჯობა, ხოლო შემდეგ შინ - 7:0.
ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა პსჟ-მ სტუმრად მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 2018-2019 წლების სეზონის მერვედფინალში იყო. ფრანგულმა გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სტუმრად 2:0 მოუგო, მაგრამ სახლში 1:3 დამარცხდა და გავარდა. მაშინ ინგლისურმა გუნდმა მეტოქეს სტუმრად გატანილი გოლებით აჯობა.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც პსჟ-სთვის საიმედოა: პლეი-ოფში პირველი შეხვედრა გასვლაზე ანგარიშით 1:0 ხუთჯერ მოიგო და ყველა შემთხვევაში შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა.
გარდა ამისა, პსჟ პირველი ფრანგული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამარჯვება გასვლით მატჩში მოახერხა 1991 წლის შემდეგ, როცა „მარსელმა“ მოსკოვის „სპარტაკს“ 3:1 სძლია.
კიდევ ერთი ფაქტი: პსჟ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ოთხი ინგლისური გუნდი დაამარცხა - „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ასტონ ვილა“ და „არსენალი“. ზოგადად, მადრიდის „რეალის“ შემდეგ მეორე გუნდია, რომელმაც ერთი ქვეყნის ოთხ გუნდს აჯობა ერთ სეზონში. „სამეფო კლუბმა“ გასულ სეზონში გერმანული გუნდები დაამარცხა - „უნიონი“, „ლაიფციგი“, „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ საპასუხო მატჩი პარიზში, 7 მაისს გაიმართება.