„ბარსელონა“ – „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ისტორიას დარჩება. შესანიშნავი 90 წუთი, რომელმაც ყველაფერი ღია დატოვა, მაგრამ ქომაგები გულგრილი არ დატოვა.
მატჩი დიდებული გამოდგა, დიდებულადაც დაიწყო. „ინტერი“ 30-ე წამზე დაწინაურდა, მარკუს ტურამმა, რომელიც ტრავმისგან დაბრუნდა და მისი თამაში სათუოც კი იყო, ქუსლით ბრწყინვალე გოლი შეაგდო და ანგარიში გახსნა. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.
„ბარსელონა“ შოკის მიუხედავად უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ 21-ე წუთზე მეორეც გაუშვა. კიდევ ერთი დიდებული გოლი, რომელიც ეფექტურ ვარდნაში დენზელ დუმფრისმა გაიტანა და ესპანელები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. თუმცა, ჰანსი ფლიკის გუნდი არ გატყდა, ეს პირველ რიგში ლამინ იამალზე ითქმის, რომელიც 17 წლის ასაკში „ბარსელონაში“ უკვე მე-100 მატჩს ატარებდა...
სწორედ იამალმა დიდებული გოლით სხვაობა შეამცირა, ხოლო სულ მალე კიდევ ერთ შედევრს ქმნიდა, მაგრამ იან ზომერმა და ხარიხამ ხელი ერთად შეუშალეს. „ბლაუგრანამ“ პირველ ტაიმში მაინც გაათანაბრა, საოცარი კომბინაცია გოლით ფერან ტორესმა დააგვირგვინა. ფლიკის გუნდი ნამდვილად არ იმსახურებდა პირველი ტაიმის წაგებას, რადგან დიდ უპირატესობას ფლობდა, „ინტერი“ კი, რამდენჯერაც გადავიდა მეტოქის ნახევარზე, იმდენი გოლი გაიტანა.
თუმცა, მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. სიმონე ინძაგიმ, როგორც ჩანს თამაშში კორექტირება შეიტანა და „ინტერი“ მხოლოდ თავდაცვაზე არ იყო ორიენტირებული, უტევდა კიდეც, ძალიან სახიფათო კონტრშეტევები ჰქონდა. 64-ე წუთზე „ნერაძური“ ისევ დაწინაურდა, კვლავ დუმფრისმა შეაგდო და ნიდერლანდელ მცველს სუპერთაში ჰქონდა. თუმცა, „ინტერმა“ ერთი წუთიც ვერ შეინარჩუნა უპირატესობა, საპასუხო იერიში რაფინიას შორეული გასროლით დასრულდა, ბურთი ჯერ ხარიხას, შემდეგ იან ზომერს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. შვეიცარიელ მეკარეს ავტოგოლი ჩაეთვალა, მაგრამ ეს რაფინიას გოლი იყო.
კიდევ 25 წუთი რჩებოდა, „ბარსელონა“ ვეღარ იყო ისეთი მწვავე, როგორც პირველ ტაიმში, არც ფლიკის ცვლილებებს უმუშავია და თამაშს უფრო „ინტერი“ აკონტროლებდა, რომელმაც სხვათა შორის, მეოთხეც გაიტანა, მაგრამ ჰენრიხ მხითარიანი თამაშგარეში ფეხის წვერით იყო - კატალონიელები მაგრად გადარჩნენ. ბოლო წუთებში ისევ „ბარსა“ გააქტიურდა და ორი შანსიც ჰქონდა: იამალმა ხარიხას გაარტყა ბურთი, რაფინიას ზომერმა აჯობა. საბოლოოდ, ფრე 3:3, რითაც „ინტერი“ უფრო კმაყოფილი იქნება, რომელსაც ბოლო სამი მატჩი გოლის გარეშე ჰქონდა წაგებული, ახლა კი, მეტოქეს სამი გოლი გაუტანა, სხვათა შორის, კარშიც სულ სამჯერ დაარტყა.
საპასუხო მატჩი მილანში 6 მაისს გაიმართება და ფინალისტიც იქ გაირკვევა, ბარსელონაში კი, გუნდებმა ფეხბურთს დაუვიწყარი თამაში აჩუქეს.
„ბარსელონა“ – „ინტერი“ 3:3 (2:2)
ბარსელონა, „მონტჟუიკი“
„ბარსელონა“ (4-3-3): შჩესნი; კუნდე (გარსია 42), კუბარსი (კრისტენსენი 83), მარტინესი, მარტინი (რაუხო 46); დე იონგი, პედრი (გავი 83), დანი ოლმო (ფერმინ ლოპესი 67); იამალი, ტორესი, რაფინია
მწვრთნელი: ჰანსი ფლიკი
„ინტერი“ (3-5-2): ზომერი; ბისეკი, აჩერბი, ბასტონი; დუმფრისი (დარმიანი 81), ბარელა, ჩალჰანოღლუ (ფრატეზი 71), მხითარიანი, დიმარკო (კარლოს აუგუსტო 55); ლაუტარო მარტინესი (ტარემი 46), ტურამი (ჟიელინსკი 81)
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გოლები: 0:1 ტურამი (1), 0:2 დუმფრისი (21), 1:2 იამალი (24), 2:2 ტორესი (38), 2:3 დუმფრისი (64), 3:3 ზომერი (65, ა.გ)
გაფრთხილება: კუბარსი (70) - ჩალჰანოღლუ (59)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 7 (3) ბურთის ფლობა: 72%-28% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 0:5
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)