ევროპა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ერთი ფინალისტი პრაქტიკულად გაირკვა, ხოლო მეორე წყვილში ერთმა გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.
„მანჩესტერ იუნიატედი“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ ესტუმრა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით დაუხვდა მეტოქეს. საქმე ისაა, რომ წელს ფინალი „სან მამესზეა“, შესაბამისად, ბასკებს დიდი მოტივაცია აქვთ ფინალში გასასვლელად, მაგრამ მეორე მხრივ, „მანჩესტერსაც“, რადგან ტიტულის გარდა, ეს ერთადერთი შანსი მისთვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
„მანჩესტერი“ მეოთხედფინალში „ლიონთან“ გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, მაგრამ „ბილბაო“ „სან მამესზე“ გაანადგურა და საპასუხო თამაშს ინტრიგა დაუკარგა. რუბენ ამორიმის გუნდმა 3:0 მოიგო და ძნელი წარმოსადგენია „ოლდ ტრაფორდზე“ ეს უპირატესობა გაანიავოს.
პირველივე ტაიმში გადაწყდა მატჩის ბედი: ანგარიში კაზემირომ გახსნა, რასაც მალევე ესპანელთა კარში პენალტი და მცველის გაძევება მოჰყვა. პენალტი ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა, „ბილბაო“ 10 კაცით დარჩა მოედანზე, ორბურთიანი ჩამორჩენით. ტაიმის მიწურულს ბრუნომ დუბლი შეასრულა და სხვაობა გაზარდა. „მანჩესტერს“ კიდევ შეეძლო გოლების გატანა, მაგრამ 3:0-ს დასჯერდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ისევე, როგორც „ტოტენჰემმა“, რომელმაც ნორვეგიულ „ბოდო გლიმს“ შინ მოუგო 3:1. ბრენან ჯონსონმა, ჯეიმს მედისონმა და დომინიკ სოლანკემ გაუტანეს სტუმრებს. ბოლოსკენ, ნორვეგიელებმა გაქვითეს ერთი გოლი, რამაც შეიძლება მეტ-ნაკლებად დატოვა ინტრიგა, მაგრამ მაინც „ტოტენჰემი“ წყვილში აშკარა ფავორიტია.
მოკლედ, თუ სასწაული არ მოხდა, 21 მაისს, „სან მამესზე“ ინგლისური ფინალი იქნება: „მანჩესტერი“ – „ტოტენჰემი“.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში ინგლისს 6 გუნდი ეყოლება და აი, რატომ: 5 გუნდი პრემიერლიგიდან გავა ჩემპიონთა ლიგაზე, ხუთეულში მოხვედრის არავითარი შანსი „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერს“ არ აქვთ, ევროპა ლიგის გამარჯვებული კი, მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე გადის.
„ტოტენჰემი“ – „ბოდო გლიმტი“ 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 ჯონსონი (1), 2:0 მედისონი (34), 3:0 სოლანკე (61, პენ), 3:1 სალტნესი (83)
„ბილბაო“ – „მანჩესტერი“ 0:3 (0:3)
გოლები: 0:1 კაზემირო (30), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (37, პენ), 0:3 ბრუნო ფერნანდეში (45)