საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უოტფორდის" ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა LeedsallOver-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გიორგის მიმართ ინტერესს იჩენს პრემიერლიგაში აღზევებული "ლიდსი იუნაიტედი", რომელსაც ჩემპიონშიფის სამი გამორჩეული ფეხბურთელის შეძენა სურს. ქართველთან ერთად სიაში "სანდელენდის" ფეხბურთელი ჯობ ბელინგემიცაა.
"ლიდსი იუნაიტედი“ უკვე დაბრუნდა პრემიერლიგაში და ზაფხულში, შესაძლოა, ჩემპიონშიფის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატოს. გუნდში აქტიურად გეგმავენ შემადგენლობის გაძლიერებას, რათა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება შეძლონ."
"ყოველ ჯერზე უოტფორდის მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები აღნიშნავენ, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი ჩაკვეტაძემ მათზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკა არც თუ ისე შთამბეჭდავია, ეს მას ხელს არ უშლის მაღალ დონეზე ითამაშოს. ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესოა დრიბლიორად და ბურთის წინ წაღებაში, იდეალურია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. „ლიდსს“ აუცილებლად სჭირდება ასეთი ფეხბურთელი" - წერს გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა "ევერტონსაც" სურს, რომელიც იანვრის სატრანსფერო პერიოდშიც ცდილობდა ქართველის გადაბირებას.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ, რომელიც იმედოვნებს, რომ გუნდის ლიდერების შეინარჩუნებას შეძლებენ.
"გიორგი ჩაკვეტაძე არა მარტო უოტფორდში, არამედ ჩემპიონშიფში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა. ვიმედოვნებ, კლუბი მის შენარჩუნებას შეძლებს, რადგან მასთან ერთად და მის გარეშე სხვადასხვა გუნდი ვართ," - განაცხადა ქლევერლიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 41 მატჩში 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.