ფეხბურთი

17:57 | 2.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ლიგა 1-ის ეს მატჩები სხვა ტურნირებისთვის მოსამზადებლად სასარგებლოა"
"ასეთი დატვირთული გრაფიკის ექსპერტები ვართ, გვინდა ლიგის ფინალიც ვითამაშოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის 32-ე ტურში „სტრასბურთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ლიგა 1-ის მატჩებით სხვა ტურნირებისთვის უნდა მოემზადონ.

„ვაპირებთ ის გავაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, იგივე იდეით, არაფერი შეცვლილა. პსჟ-ს მაისურით ნათამაშები ყოველი წუთი სასარგებლოა სხვა ტურნირებისთვის მოსამზადებლად.

სეზონის უაღრესად მნიშვნელოვან ფაზაში ვართ, სადაც ვაჩვენებთ, რომ გუნდი ვართ, თუნდაც ინდივიდუალურად საუბრობდეთ ფეხბურთელებზე. ჭორები ვრცელდება და ხშირად ის ნეგატიურია, მაგრამ ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირებას არ ვაპირებ. ყველა მუშაობს, დონარუმაც, საფონოვიც და ტენასიც.

ბარკოლამ 35 გოლში მიიღო მონაწილეობა, ლიგის საუკეთესო მეპასე და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მომავალშიც ასე იქნება.

საუკეთესო მწვრთნელის ნომინაცია? საერთოდ არ მაინტერესებს ინდივიდუალური ჯილდოები, უბრალოდ, მინდა, ლუის ენრიკეს საუკეთესო ვერსია ვიყო.

პსჟ-ს წარმატების საიდუმლო ოჯახივით გარემოა? ლიგა 1-ის გუნდების 90%-ში ოჯახური გარემოა, რადგან ერთად დიდ დროს ვატარებთ, კარგ და ცუდ მომენტებს ვიზიარებთ. ამით ლიგა 1-ის სხვა გუნდებისგან დიდად არ განვსხვავდებით. დემბელე? ხვალ ვერ ითამაშებს, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება.

„სტრასბურთან“ მატჩი არის მოსამზადებელი ციკლი საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგისთვის, ის არ არის მატჩი, რომ სტუმრად წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ. მოგება შესანიშნავი იქნება, მაგრამ მოტივაცია ჩემპიონთა ლიგისთვის მომზადებაა და არა წაუგებელი რეკორდი.

არ ვდარდობ იმაზე, თუ რას აკეთებენ ფეხბურთელები სახლში. კლუბს აქვს კულტურა და ცდილობს მოთამაშეების გაუმჯობესებას. ექსპერტები ვართ ასეთი დატვირთული გრაფიკის. გასულ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი გამოვტოვეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, გვინდა, რომ ამ სეზონში ეს მატჩიც ვითამაშოთ, მაგრამ წინ ჯერ კიდევ საპასუხო ნახევარფინალური მატჩია. ამას შევეჩვიეთ. დასვენებისთვის დიდი დრო არ არის, ყველაფერი უნდა მართო, ჩვენ მწვრთნელები კი, საუკეთესოსკენ ვისწრაფვით. რამდენიმე წელია მაღალი დონის მწვრთნელი ვარ და ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია.

სეზონის მიმდინარეობისას, მთავარია, რომ ფეხბურთელები გაუმჯობესდნენ და გუნდში წვლილი შეიტანონ. საქმე ის არ არის, ბრედლი ახლა უარეს ფორმაშია, ვიდრე სეზონის დასაწყისში ან დეზირე დუე უკეთესია. ეს ევოლუცია შეიცავს აღმავლობას და დაღმავლობას, ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ისინი გუნდისთვის ბოლომდე იხარჯებიან და გუნდს ეხმარებიან. ისინი ახალგაზრდები არიან და გარკვეული პროცესის გავლა სჭირდებათ გასაუმჯობესებლად. გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

„სტრასბური“ ძალიან მაღალი დონის სეზონს ატარებს და მიმზიდველი თამაშით გამოირჩევა. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ადვილი თამაში არ იქნება. სეზონის დასასრული ჩვენთვის ატიპიურია, რადგან უკვე ჩემპიონები ვართ, მაგრამ ამ მატჩებმა სხვა ტურნირებისთვის უნდა მოგვამზადოს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „სტრასბურისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 3 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172238