მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალს გამოტოვებს.
ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა გამოავლინა და მისი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს, თუმცა მინიმუმ 10 დღე იუქმებს.
ლაუტარო უკეთეს ვარიანტში „ინტერს“ 11 მაისს „ტორინოსთან“ მატჩისთვის დაუბრუნდება, თუ არადა, 18 მაისს, „ლაციოსთან“ შეხვედრაში ეცდება მოედანზე დაბრუნებას. „ბარსასთან“ და მანამდე „ვერონასთან“ მატჩები ნამდვილად გაუცდება. ლაუტარომ ტრავმა „ბარსელონასთან“ მატჩის პირველ ტაიმში მიიღო.
მიმდინარე სეზონში 27 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა.